გერმანია უკრაინას კიდევ 18 ჰაუბიცას გადასცემს

გერმანიის მთავრობამ, ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ, დააკმაყოფილა უკრაინის მოთხოვნა კიდევ 18 ჰაუბიცის მიწოდების შესახებ. კიევმა ამ თხოვნით ბერლინს ჯერ კიდევ ივლისში მიმართა, იტყობინება ყოველკვირეული გამოცემა Welt am Sonntag მის ხელთ არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით.

გამოცემა განმარტავს, რომ კონკრეტულად საუბარია 216 მილიონი ევროს საერთო ღირებულების 18 ჰაუბიცაზე RCH-155, რომლის შეკვეთასაც კიევი თავდაცვის კონცერნი Krauss-Maffei-Wegmann-ისგან (KMW) გეგმავდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის წერილშია საუბარი, რომელიც მან გერმანელ კოლეგა ქრისტინ ლამბრეხტის მიწერა.

რეზნიკოვმა ეს წერილი 14 ივლისს გააგზავნა. კიევის სამთავრობო წყაროების ცნობით, უკრაინის მოთხოვნა დამატებითი RCH-155 ჰაუბიცების შესახებ არაერთხელ განიხილეს გერმანიის მთავრობაში, მაგრამ გადაწყვეტილება არ მიიღეს. კიევმა მხოლოდ ახლა მიიღო ოფიციალური დადებითი პასუხი.

Krauss-Maffei-Wegmann-ის თანახმად, უკრაინისთვის გადასაცემი პირველი RCH-155-ები მზად 30 თვეში იქნება. 

გერმანიაში უკრაინის ელჩმა ანდრეი მელნიკმა გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წვლილი უწოდა, რომელიც მკვეთრად გაზრდის უკრაინის არმიის საბრძოლო შესაძლებლობებს. "იმედი მაქვს, რომ ფედერალური მთავრობა ამ გზას თანმიმდევრულად გაყვება", - თქვა დიპლომატმა და გაიხსენა, რომ KMW-მ გამოთქვა მზადყოფნა, უკრაინას სულ 100 RCH-155 ჰაუბიცა მიაწოდოს.

მსგავსი სიახლეები