გერმანიაში რადიკალი ეკოაქტივისტების სახლები გაჩხრიკეს
მიუნხენის გენერალური პროკურატურა და ბავარიის ექსტრემიზმთან და ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრალური ოფისი აწარმოებენ წინასწარ გამოძიებას ეკოაქტივისტური მოძრაობა "უკანასკნელი თაობის" წინააღმდეგ, რომლის აქტივისტებიც სისხლის სამართლის დანაშაულებში არიან ეჭვმიტანილი.
ამის შესახებ 24 მაისს, ბავარიის კრიმინალურ საქმეთა ოფისში განაცხადეს.
გამომძიებლებმა ჩხრეკა გერმანიის მასშტაბით 15 ადგილზე ჩაატარეს. გარდა ამისა, დაყადაღებულია მათი ანგარიშები და ქონება.
2022 წლის შუა პერიოდიდან მიღებული მრავალი განცხადების გამო, მიუნხენის გენერალურმა პროკურატურამ 22-დან 38 წლამდე ასაკის შვიდი ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო წინასწარი გამოძიება, რომლებიც ბრალდებული არიან კრიმინალური ორგანიზაციის შექმნასა და მხარდაჭერაში.
პროკურატურის განცხადებით, ეკოაქტივისტებს ბრალად ედებათ თანხების მოზიდვა "სხვადასხვა დანაშაულების" დასაფინანსებლად, შემოწირულობის ოდენობამ მინიმუმ 1.4 მილიონი ევრო შეადგინა.
"უკანასკნელი თაობის" ორი წევრი ასევე ეჭვმიტანილია 2022 წლის აპრილში ტრიესტე-ინგოლშტადტის ნავთობსადენზე დივერსიის მცდელობაში.
გამოძიებების მიზანია მოიძიონ ინფორმაცია "უკანასკნელი თაობის" წევრების შესახებ, გაარკვიონ მისი დაფინანსების წყაროები და ჩამოართვან აქტივები. ჯერჯერობით, ორგანიზაციის არცერთი წევრი არ არის დაპატიმრებული.