გერმანიის კანცლერი: ჩინეთთან ეკონომიკური კავშირის გაღრმავება გვსურს
სამშაბათს გერმანიის ახლადარჩეულ კანცლერს, ოლაფ შოლცსა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგის შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა.
მსოფლიოს ორი მსხვილი ეკონომიკის ლიდერებმა ჩინეთსა და გერმანიას შორის მზარდ ბიზნეს და სავაჭრო კავშირებს გაუსვეს ხაზი.
„იმედი მაქვს, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის გაფორმებული საინვესტიციო შეთანხმება ძალაში მალე შევა“, - განაცხადა შოლცმა.
კანცლერის ეს განცხადება წინააღმდეგობაში მოდის მისი პარტიის, სოციალ-დემოკრატების პოზიციასთან, რომლებიც შეთანხმების რატიფიკაციას ამ ეტაპზე მიზანშეუწონლად მიიჩნევენ.
საინვესტიციო ხელშეკრულება გასული წლის ბოლოს გაფორმდა, თუმცა ევროკავშირში მისი რატიფიკაცია ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევების გამო ჭიანურდება.
ევროკავშირის ქვეყნებმა სინძიანის პროვინციაში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მუსლიმი უიღურების მიმართ განხორციელებული რეპრესიის გამო სანქციები დაუწესეს ოთხ ჩინელ მაღალჩინოსანს.
პეკინმა საპასუხო შეზღუდვები ჩინეთის მიმართ კრიტიკით გამორჩეულ ევროპარლამენტარებს დაუწესა.
შეხვედრის ჩინურ და გერმანულ პრეს-რელიზებში ჩინეთში ადამიანის უფლებათა ვითარება ნახსენები არ არის.
გერმანიის კოალიციური შეთანხმების თანახმად, რომელიც სამ მმართველ პარტიას შორის დაიდო, აღნიშნულია, რომ ახალი მთავრობა „ჩინეთში, განსაკუთრებით კი სინძიანში, "ადამიანის უფლებების დარღვევებს ყურადღებას დაუთმობს."
ჩინეთი გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.
ბოლო დროს დასავლეთსა და ჩინეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, რაც ჩინეთის ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ ექსპანსიას უკავშირდება, ბერლინი პეკინთან დაბალანსებული პოლიტიკის გატარებას ლობირებდა.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ახალი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, გერმანიის კანცლერს ჩინეთის მიმართ მისი წინამორბედისგან განსხვავებული კურსის გატარება მოუწევს.