გერმანიის ოპოზიციის ლიდერი პირობას დებს, რომ მიგრაციას შეზღუდავს

გერმანიის "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" (CDU) ლიდერმა და კანცლერობის კანდიდატმა ფრიდრიხ მერცმა პირობა დადო, რომ დაიცავს თავის მიგრაციის შეკავების გეგმას, მიუხედავად საზოგადოებრივი პროტესტისა და აღადგენს კრიზისში მყოფ ეკონომიკას.

ამის შესახებ მან 3 თებერვალს, ბერლინში, მისი პარტიის კონფერენციაზე განაცხადა.

მერცის თქმით, სამი წლიანი "უმეტესად მწვანე" ეკონომიკური პოლიტიკის შემდეგ, გერმანია დადგა საბაზრო ეკონომიკის აღდგენის აუცილებლობის წინაშე.

მან პირობა დადო, რომ მისი ლიდერობით, "ყოველი გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენ მხოლოდ ერთ კითხვას დავსვამთ: ემსახურება თუ არა ეს გადაწყვეტილება ჩვენი ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას, თუ ზიანს აყენებს მას."

"ჩვენ თავდასხმის ქვეშ ვართ და არის პროტესტი ჩვენი პოლიტიკის წინააღმდეგ - მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ კურსი. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გვეთანხმება, რომ არ შეიძლება ასეთი საიმიგრაციო პოლიტიკა გაგრძელდეს," - თქვა მერცმა.

3 თებერვალს ჩატარებულ კონფერენციაზე ქრისტიან-დემოკრატებმა მიიღეს "დაუყოვნებელი მოქმედების პროგრამა," რომელიც შეიცავს CDU-ს საარჩევნო მანიფესტის ძირითადი პუნქტების შეჯამებას.

ის ასევე მოიცავს მიგრაციის პოლიტიკის გეგმას, რომელიც ბუნდესტაგში ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" მხარდაჭერით მიიღეს.

ამასთან, მერცი მათთან პარლამენტში თანამშრომლობას გამორიცხავს.

29 იანვარს, ბუნდესტაგმა მიიღო CDU/CSU-ს ინიციატივა მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრების შესახებ, რომელსაც მხარი ულტრამემარჯვენე პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) დაუჭირა.

გერმანული მედია "ქრისტიან-დემოკრატების" ულტრამემარჯვენეებთან თანამშრომლობას მკვეთრად გამოეხმაურა. მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები ჩატარდა, მათ შორის, ბერლინში ჩატარებულ დემონტსრაციას 160 ათასი ადამიანი ესწრებოდა.

მსგავსი სიახლეები