გერმანიის ოპოზიციის ლიდერი უკრაინისთვის ფრთოსანი რაკეტების გადაცემას მხარს უჭერს
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარემ, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინისთვის გერმანული შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტა Taurus-ის მიწოდებას, მაგრამ დიაპაზონის შეზღუდვით.
ამის შესახებ მერცმა Bild am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.
CDU-ს ლიდერი თვლის, რომ გერმანიამ უკრაინას Taurus-ის ფრთოსანი რაკეტები უნდა მიაწოდოს, მაგრამ ისინი ისე უნდა შეიზღუდოს, რომ "მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის დასაცავად გამოიყენონ."
"მეშინია, რომ ერთ მშვენიერ დღეს გავაცნობიერებთ, რომ ძალიან ცოტა და გვიან გავაკეთეთ უკრაინისთვის და, შესაბამისად, ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ეს გაურკვევლობა შეიძლება დიდი ისტორიული შეცდომა აღმოჩნდეს." - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
თუ Taurus-ის მიწოდება დამტკიცდება, გერმანია მესამე ქვეყანა გახდება, რომელიც უკრაინას შორ დისტანციაზე მოქმედ რაკეტებს გადასცემს. ასეთი რაკეტები - Storm Shadow ბრიტანეთმა და SCALP საფრანგეთმა უკრაინას უკვე მიაწოდეს.
Spiegel-ის ცნობით, ახლა თავდაცვის ინდუსტრიასთან რაკეტების გადაცემაზე საიდუმლო მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რადგან კანცლერ ოლაფ შოლცს სურს რაკეტებში ტექნიკური ცვლილებები შეიტანოს, რათა თავიდან აიცილოს მათი რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება.
გერმანიის მთავრობას ჯერ არ გადაუწყვეტია, მიაწვდის თუ არა უკრაინას Taurus-ს.