გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ჩვენ ძლიერი შეიარაღებული ძალები გვჭირდება

გერმანიამ ევროპასა და მსოფლიოში წამყვანი როლი უნდა ითამაშოს, მათ შორის სამხედრო საკითხებში. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა ორშაბათს, 12 სექტემბერს განაცხადა.

"გერმანიის მასშტაბები, მისი გეოგრაფიული პოზიცია, მისი ეკონომიკური სიძლიერე - ერთი სიტყვით, მისი წონა გვაქცევს წამყვან ძალად, გვინდა თუ არა ეს. ეს ასევე ეხება თავდაცვის სექტორსაც", - აღნიშნა ლამბრეხტმა ბერლინში თემაზე ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ საუბრისას.

მისი თქმით, ამისათვის გერმანიამ უნდა შეასრულოს ნატოს სამიზნე და თავდაცვაში ინვესტიცია მუდმივად მშპ-ს მინიმუმ 2 პროცენტი უნდა იყოს. "გერმანიას შეუძლია ამის გაკეთება", - თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა და ბერლინს მოუწოდა "არ შეეშინდეს ამ ახალი როლის".

ევროპის უსაფრთხოებას გარანტი კვლავ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე, შეერთებული შტატებია, მაგრამ ვაშინგტონი ამჟამად იძულებულია ყურადღება გაამახვილოს წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოებაზე, თქვა ქრისტინ ლამბრეხტმა. ამიტომ ევროპელებმა და უპირველეს ყოვლისა გერმანიამ უფრო მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ თავიანთი კონტინენტის დაცვაში.

"გერმანია მზადაა შეამსუბუქოს ამერიკის ტვირთი ევროპაში და ამით შეიტანოს გადამწყვეტი წვლილი პასუხისმგებლობების სამართლიან განაწილებაში", - განაცხადა გერმანელმა პოლიტიკოსმა.

ბუნდესვერის პრიორიტეტი ეროვნული თავდაცვა და ალიანსის დაცვა იქნება

"რაც შეეხება ბუნდესვერს, ეროვნული თავდაცვა და ჩვენი ალიანსის დაცვა ახლა ჩვენი პრიორიტეტების სიის სათავეში იქნება", - თქვა ლამბრეხტმა. ეს ნიშნავს, რომ ბერლინი უფრო მეტ ფულს გამოყოფს სამხედროებისთვის, განმარტა მან.

მინისტრის თქმით, საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი შეიარაღებული ძალები არის ის ცენტრალური სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის არსებობას.

"ჩვენ ვეღარ ვიცხოვრებთ უსაფრთხოდ, მხოლოდ წინდახედულებაზე და გერმანიის სახელმწიფოებრიობის დროში გამოცდილ ტრადიციებზე დაყრდნობით. ჩვენი ძველი სტერეოტიპებით გარანტიას ვეღარ ვიძლევით ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავლის მშვიდობასა და თავისუფლებაზე", - აცხადებს ლამბრეხტი.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მათ, ვისაც სურთ მშვიდობიანი და თავისუფალი მომავალი, ახლა უნდა შეცვალონ კურსი და სამხედრო უსაფრთხოება ცენტრალურ საზრუნავად აქციონ და იმოქმედონ ამ სტრატეგიის შესაბამისად. მისი თქმით, ბერლინი მიჩვეული იყო თავისი არმიის ექსკლუზიურად უცხოურ მისიებში გამოყენებას, ასევე კრიზისულ სიტუაციებში დახმარებისას, კერძოდ, წყალდიდობის დროს, მაგრამ ეს დრო დასრულდა.

ლამბრეხტმა ყველას მოუწოდა უკრაინის ომიდან გაკვეთილები გამოიტანონ

"უკრაინის ომმა ყველას, მათ შორის ჩვენ, მშვიდობას მიჩვეულ გერმანელებს, აჩვენა, რომ სახელმწიფოებს სჭირდებათ შეიარაღებული ძალები, როგორც უკიდურესი იარაღი, კერძოდ, მაშინ როდესაც მტერმა გადაწყვიტა გამოეყენებინა შემოჭრა, განადგურება, მკვლელობა და გაძევება საკუთარი მიზნებისთვის." - აღნიშნა მან.

ლამბრეხტის თქმით, ეს ამჟამად გერმანიის სიახლოვეს ხდება და უკრაინამ მხოლოდ იმიტომ არ შეწყვიტა არსებობა, რომ შეძლო სამხედრო წინააღმდეგობის გაწევა. "ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ: ჩვენ თვითონ გვჭირდება ძლიერი და უნარიანი შეიარაღებული ძალები, რათა საჭიროების შემთხვევაში დავიცვათ საკუთარი თავი და ჩვენი ალიანსი", - დასძინა მან.

ამავდროულად, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ თქვა უარი მოთხოვნაზე კიევისთვის საბრძოლო ტანკების მიწოდებაზე. "არც ერთ ქვეყანას არ მიუწოდებია აქამდე უკრაინისთვის დასავლური წარმოების ქვეითთა საბრძოლო მანქანები ან საბრძოლო ტანკები", - თქვა მან და მიუთითა პარტნიორებთან შესაბამისი შეთანხმებების არსებობაზე.

მსგავსი სიახლეები