გერმანიის ვიცე-კანცლერი: პუტინი გაზს, როგორც გავლენის ბერკეტს კარგავს
გერმანიის ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა ევროპაში გაზის გავლენის ბერკეტი დაკარგა.
ამის შესახებ The Guardian იუწყება.
"გერმანიის პრობლემა, ან თუნდაც ცენტრალური ევროპის პრობლემა ის იყო, რომ ჩვენი კვერცხების ნახევარი პუტინის კალათაში იყო. და მან გაანადგურა ისინი", - თქვა პოლიტიკოსმა.
მან აღიარა, რომ რუსეთის ომმა უკრაინაში ბერლინი დაუცველ მომენტში გამოიჭირა, რადგან გერმანია ზედმეტად იყო დამოკიდებული ბუნებრივი აირის Nord Stream 1 გაზსადენით მიწოდებაზე და ვერ ახერხებდა ალტერნატიული მიწოდების არხებისთვის ინფრასტრუქტურის შექმნას.
"თუმცა, გერმანია ახლა სიმძლავრეების აღდგენას იწყებს, მან შეძლო რუსული გაზის ჩანაცვლება, ნავთობისა და ქვანახშირის შეწყვეტილი მიწოდების სხვა არხებით აღდგენა, წინასწარ დამზადებული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალების მშენებლობა და გაზრდილი იმპორტი ნორვეგიიდან, რომელიც ახლა ევროპის უდიდესი გაზის მიმწოდებელია", - განაცხადა ჰაბეკმა.
ამავდროულად, გერმანიაში რთული და დაძაბული ენერგეტიკული მდგომარეობის მიუხედავად, ჰაბეკმა ოპტიმიზმი გამოთქვა და დაადასტურა, რომ გერმანიაში გაზსაცავები ახლა დაახლოებით 90%-ით არის სავსე.
"ამ ზამთარს გადავიტანთ და ფასები იკლებს. მითუმეტეს, ცენტრალურ ევროპაში შედარებით რბილი ზამთარია, ამიტომ არის დიდი შანსი, რომ ჩვენი საცავები ბოლომდე არ დაცარიელდეს ცივი სეზონის ბოლოს", - განაცხადა ვიცე-კანცლერმა.