ღამით უკრაინელებმა 52 Shahed-ის დრონი ჩამოაგდეს
ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა 54 რუსული დრონიდან 52 ჩამოაგდეს. ამის შესახებ 28 მაისს, დილით, Telegram-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესცენტრმა განაცხადა.
"2023 წლის 28 მაისის ღამეს მტერმა უკრაინას ირანული Shahed-136/131-ის დამრტყმელი დრონებით ჩრდილოეთიდან - ბრიანსკის ოლქიდან - და სამხრეთიდან - კრასნოდარის ტერიტორიიდან შეუტია. ზოგადად, შეტევა კამიკაძე დრონების რეკორდული რაოდენობით მოხდა - 54!" - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინული მხარის ცნობით, ოკუპანტები უკრაინის ცენტრალურ ნაწილში, კერძოდ კიევის რეგიონში სამხედრო ობიექტებზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმას ცდილობდნენ.
რუსების მიერ გაშვებული უპილოტო თვითმფრინავების უმეტესობა საჰაერო ძალების "ცენტრალური" სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში განადგურდა.
"ასევე, თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ უკრაინის საჰაერო ძალების "სამხრეთის" და "დასავლეთის" სარდლობის ძალები. წარმატებული მუშაობის შედეგად განადგურდა 52 Shahed!" - აღნიშნეს პრესცენტრში.
28 მაისის ღამეს უკრაინის ბევრ რეგიონში გამოცხადდა საჰაერო განგაში. ხელისუფლებამ მოქალაქეები რუსების კამიკაძე დრონების შეტევაზე გააფრთხილა.
კიევში, რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 40-ზე მეტი რუსული დრონი ჩამოაგდეს. ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებით ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავდა, დაზიანდა შენობები და გაჩნდა ხანძარი.