გლადკოვის თქმით, ბელგოროდი უსაფრთხო მხოლოდ მაშინ გახდება, როცა ხარკოვი რუსეთს შეუერთდება
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, რეგიონის დაბომბვა მხოლოდ მაშინ შეწყდება, როცა ხარკოვი რუსეთს შეუერთდება. ამის შესახებ მან პროპაგანდისტული Россия 1-ის ეთერში განაცხადა.
კითხვაზე, სჯერა თუ არა მას ასეთი შესაძლებლობის, გლადკოვმა აღნიშნა, რომ ეს იქნება დაბომბვის პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტა.
რუსეთის ჯარებმა ხარკოვს უკრაინაში ფართომასშტაბიანი ინტერვენციის პირველ დღეს - 2022 წლის 24 თებერვალს შეუტიეს. რეგიონის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული იყო, თუმცა ქალაქის აღება მათ ვერ შეძლეს. სექტემბერში, უკრაინის კონტრშეტევის შემდეგ, რუსულმა ჯარებმა ხარკოვის რეგიონის თითქმის მთელი ტერიტორია დატოვეს.
ბოლო დროს ბელგოროდის რეგიონის ხელისუფლება სულ უფრო ხშირად ავრცელებს ინფორმაციას უკრაინის ტერიტორიიდან დაბომბვის შესახებ. თავად გლადკოვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ქალაქ შებეკინოში მას ცეცხლი გაუხსნეს.
გუბერნატორმა რეგიონში არსებულ ვითარებას "ფაქტობრივად საომარი" უწოდა (როგორც წესი, რუსეთის ხელისუფლება ამ სიტყვას ერიდება უკრაინაში საომარი მოქმედებების აღწერისას) და განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რეგიონში სულ მცირე ხუთი დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი შევიდა.