გონჩარენკო: უკრაინამ სამუდამოდ უნდა თქვას უარი რუსულ ელექტროენერგიაზე
24 თებერვლიდან, სამდღიანი საცდელი გათიშვის ნაცვლად, უკრაინამ სამუდამოდ უნდა შეწყვიტოს კავშირი რუსულ ელექტროსისტემასთან და სწრაფად გაერთიანდეს ევროკავშირის ენერგეტიკულ სისტემაში. წერს ოლექსი გონჩარენკო, მთავარი ოპოზიციური პარტიის, ევროპული სოლიდარობის დეპუტატი თავის Facebook გვერდზე.
"ხვალ უკრაინა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოწყდეს რუსეთისა და ბელორუსის ენერგოსისტემას! უნდა გაითიშოს ყველა ელექტროგადამცემი ხაზი და აღარასოდეს დაბრუნდეს აგრესორთან ერთად საერთო ელექტროქსელში. სამდღიანი საცდელი გათიშვის ნაცვლად, სამუდამოდ უნდა შეწყდეს რუსეთის ენერგოსისტემასთან კავშირი და უკრაინის ენერგოსისტემა სწრაფად უნდა ინტეგრირდეს ევროპულ სისტემაში. გუშინ პუტინმა თავს უფლება მისცა უკრაინას ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტით დამუქრებოდა. ამ სულელურ მუქარაზე პასუხი უნდა იყოს მყისიერი და შეუქცევადი გათიშვა რუსული ქსელებიდან", - წერს ის.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ითხოვს, რომ ხვალ Укрэнерго-მ და უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ, ევროკავშირის ენერგოსისტემასთან ინტეგრაციისთვის დაგეგმილი ტესტის შემდეგ, რუსეთისა და ბელორუსიის ენერგოსისტემასთან კავშირი არ აღადგინოს.