გრეტა ტუნბერგი პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის მეორედ დააჯარიმეს

ოთხშაბათს შვედეთის ქალაქ მალმოს რაიონულმა სასამართლომ ზედიზედ მეორედ დააჯარიმა გარემოსდამცველი აქტივისტი გრეტა ტუნბერგი, რომელიც ნავთობის მოპოვების წინააღმდეგ გამართული პროტესტის დროს პოლიციას არ დაემორჩილა.

ამის შესახებ შვედური SVT წერს.

ივლისში შვედეთის სასამართლომ 20 წლის ტუნბერგი 1500 შვედური კრონით ($134) დააჯარიმა პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად აქციაზე დარჩენის გამო.

განაჩენის გამოტანისთანავე, ტუნბერგმა და სხვა აქტივისტებმა ნავთობის სატვირთო მანქანებისთვის მალმოს ნავსადგურში გზა გადაკეტეს. პოლიციამ ისინი კვლავ ძალის გამოყენებით დაშალა.

სასამართლო პროცესის დროს ტუნბერგმა აღიარა, რომ არ შეასრულა მალმოს პოლიციის მოთხოვნა საპროტესტო აქციის ადგილის დატოვების შესახებ, მაგრამ დანაშაული არ აღიარა.

"ჩემი ქმედება არ უნდა დაისაჯოს, რადგან პლანეტას უჭირს. ჩვენ დავბლოკეთ ისინი, ვინც კლიმატის კრიზისს იწვევს. ჩემი ქმედება გამართლდა," - განაცხადა აქტივისტმა.

სასამართლომ გოგონა დამნაშავედ ცნო და 90 დღიანი დღიური ჯარიმა მიუსაჯა 50 კრონის ოდენობით (4500 კრონი), ასევე დანაშაულის მსხვერპლთა ფონდისთვის 1000 კრონის გადახდა. მოსამართლემ უფრო მაღალი ჯარიმა ახსნა იმით, რომ ტუნბერგმა დანაშაული ჩაიდინა იმავე დღეს, როდესაც მას წინა სასჯელი მიესაჯა.

მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დამცველ აქტივისტს სამი კვირა აქვს გასაჩივრებისთვის, მან თქვა, რომ ამას არ გააკეთებს. პოლიციის მოთხოვნის შეუსრულებლობა მაქსიმუმ ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები