იაპონიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს
4 ოქტომბერს იაპონიის პარლამენტმა მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე ფუმიო კიშიდა (Fumio Kishida) დაამტკიცა.
64 წლის პოლიტიკოსმა, რომელიც მმართველ ლიბერალ-დემოკრატიულ კანდიდატს წარმოადგენს, კენჭისყრისას ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის - კონსტიტუციური დემოკრატების - კანდიდატი იუკიო ედანო (Yukio Edano) დაამარცხა.
კიშიდას წინამორბედი იოშიჰიდე სუგა (Yoshihide Suga) თანამდებობიდან პანდემიის მართვასა და ოლიმპიური თამაშების ორგანიზებასთან დაკავშირებული უკმაყოფილების გამო გადადგა.
კიშიდა, რომელიც 2012-17 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, ზომიერი პოლიტიკური ხედვებით იყო ცნობილი, თუმცა უკანასკნელ ხანებში ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის კონსერვატიული ფრთისკენ გადაიხარა.
მთავრობის ახლადარჩეული მეთაური საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტებად აშშ-სთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებასა და ჩინეთის ექსპანსიის „შეკავებას“ მოიაზრებს.
იაპონიის რიგით მე-100 პრემიერს პირველი გამოცდა სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს ელის - კიშიდა დიეტის (პარლამენტი) ქვედა პალატის საყოველთაო არჩევნების დანიშვნას 31 ოქტომბერს აპირებს.