IDF-ის სპიკერი: ცდება ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ ჰამასის განადგურება შეგვიძლია

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერის თქმით, ისრაელის მხრიდან ალტერნატიული გეგმის გარეშე ჰამასი კვლავ დარჩება მმართველ ძალად ღაზის სექტორში. 

ამის შესახებ დანიელ ჰაგერიმ ისრაელის 13-ე არხთან ინტერვიუში განაცხადა. 

ჰაგარიმ ჰამასის განადგურების იდეას მოსახლეობისთვის თვალებში ნაცრის შეყრა უწოდა და განაცხადა - "ჰამასი იდეაა, ჰამასი პარტიაა, ის ფესვგადგმულია ათი ათასობით ადამიანის გულში. ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ ჰამასის განადგურება შეგვიძლია, უბრალოდ ცდება."

ჰაგარის თქმით, ისრაელის მხრიდან ღაზის შესახებ ალტერნატიული და რაც მთავარია ეფექტური გეგმის გარეშე ანკლავში ვითარება არ შეიცვლება და ჰამასი კვლავ საკვანძო და ყველაზე გავლენიანი ძალა იქნება. 

ჰაგარის განცხადებამ პრემიერ ნეთანიაჰუს მწვავე უკმაყოფილება გამოიწვია - "უსაფრთხოების მიერ დადგენილი მიზანია ჰამასის სამხედრო და პოლიტიკური შესაძლებლობების განადგურება. და ცხადია, ისრაელის არმია სწორედ ამ მიზანს ემსახურება."

პრემიერის განცხადებაზე საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ჰაგარი საუბრობდა ჰამასის როგორც იდეის განადგურების შეუძლებლობაზე და რომ მისი სიტყვები არასწორად იქნება ინტერპრეტირებული. 

კონტექსტი 

პოლემიკა სამხედროებსა და პოლიტიკოსებს შორის ისრაელში მწვავე პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. ქვეყანაში სერიოზული უთანხმოებები როგორც ღაზის, ასევე სხვადასხვა პრობლემურ შიდა საკითხებზე. უთანხმოებებია, მათ შორის ნეთანიაჰუს ულტრა-მემარჯვენე კაბინეტის წევრებს შორის. 

გასულ კვირას ნეთანიაჰუს კრიტიკა მოჰყვა არმიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას ოპერაციების დროებით შეჩერების შესახებ ღაზასთან დამაკავშირებელ ერთ-ერთ გამშვები პუნქტის მახლობლად, სადაც საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცების ცნობით, შიმშილის სერიოზული საფრთხეა. 

ისრაელის არმიის ხელმძღვანელობის კრიტიკით იყო დაკავებულ გასულ დღეებში ნეთანიაჰუს ერთ-ერთი ვაჟი, იაირი. პრემიერის შვილმა გააზიარა ვიდეო, რომელშიც გენერალური შტაბის უფროსი ჰერცლი ჰალევის ადანაშაულებდნენ ჰამასის გადარჩენის მცდელობაში. იაირ ნეთანიაჰუს კრიტიკის ქვეშ მოჰყვა ისრაელის საჰაერო ძალების მეთაურიც. 

უთანხმოება მწვავდება უშუალოდ კაბინეტის წევრებს შორის ამის ერთ-ერთი მიზეზი რაბინების დანიშვნის შესახებ კანონის ინიცირებაა, რომელმაც ნეთანიაჰუს ზოგი კოალიციური პარტნიორის უკმაყოფილება და კოალიციის დატოვების შესახებ ირიბი მუქარები გამოიწვია. 

დაძაბულობა იზრდება ნეთანიაჰუს პარტია ლიკუდსა და იტამარ ბენ-გვირისა და ბეცალელ სმოტრიჩის ულტრა-მემარჯვენე პარტიებს შორის. აქ დაძაბულობის მთავარი მიზეზი სამხედრო სამსახურის შესახებ კანონია, რომელიც ჰარედი ებრაელებისთვის გამონაკლისს უშვებს.

ამ წესის გახანგრძლივებას ღიად ეწინააღმდეგებიან უშუალოდ ნეთანიაჰუს პარტიაშიც, მათ შორის თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრები.  

მსგავსი სიახლეები