IDF: ლიბანში არმიის საომარი მოქმედებების გეგმა დავამტკიცეთ

ისრაელის არმიამ ჩრდილოეთ სარდლობის ხელმძღვანელმა გენერალმა, ორი გორდინმა და საოპერაციო დირექტორატის უფროსმა, ოდედ ბასიუკმა ლიბანში საომარი მოქმედებების გეგმა დაამტკიცეს. 

ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ. უწყების მიერ გავრცელებული განცხადებაში ნათქვამია, რომ სარდლობის შეხვედრის დაამტკიცეს "ლიბანში იერიშის გეგმები."

გარდა ამისა, მიღებულია გადაწყვეტილება ამ მონაკვეთზე მოქმედი სამხედრო დანაყოფების მზაობის დონის გაზრდის შესახებ. 

კონტექსტი 

ისრაელის არმიის განცხადება ლიბანის საზღვარზე ჰეზბოლასთან გამწვავებული დაპირისპირებების ფონზე ვრცელდება. ისრაელის მთავრობის წევრები გასული კვირების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ თუ საზღვარზე ვითარება დიპლომატიურად არ დარეგულირდება იძულებულები იქნებიან სხვა ზომებს მიმართონ, მათ შორის სამხედრო მოქმედებებსაც. 

ისრაელსა და ჰეზბოლას შორის უფრო მასშტაბური ომის თავიდან ასარიდებლად რეგიონში უკვე მეოთხედ იმყოფება პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ამოს ხოხშტეინი. 

ხოხშტეინი თავდაპირველად იერუსალიმში იმყოფებოდა რის შემდეგაც ბეირუთში ჩავიდა და იქიდან კვლავ იერუსალიმში დაბრუნდა. 

ისრაელსა და ჰეზბოლას შორის სამხედრო დაპირისპირება 7 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ დაიწყო და პერიოდულად მწვავდება.

11 ივნისს ისრაელის საავიაციო დარტყმის შედეგად ლიბანში მოკლეს ჰეზბოლას ერთ-ერთი ელიტური დანაყოფის მეთაური ტალებ აბდულა. აბდულა 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის მიერ ლიკვიდირებული ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია ჰეზბოლადან. 

საზღვარზე სროლების ინტენსივობა განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო კვირებში. ისრაელის არმიის ხელმძღვანელობაში ამბობდნენ რომ ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვარზე ვითარება კრიტიკულ წერტილს უახლოვდებოდა. ამ ფონზე ისრაელის ომის კაბინეტში სულ უფრო აქტიურად ისმის მოწოდებები ჰეზბოლას წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების აუცილებლობის შესახებ. 

6 ივნისს გამოცემა Axios საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ ამერიკელი კოლეგები აფრთხილებდნენ ისრაელის მაღალჩინოსნებს, რომ ჰეზბოლასთან მცირე ან ლიმიტირებული ომის ოფცია არ იყო რეალისტური და რომ დაპირისპირებაში ირანის პირდაპირი ჩართვააა მოსალოდნელი. 

ამერიკელთა აზრით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისრაელი ლიბანის ტერიტორიაზე მხოლოდ მოსაზღვრე ტერიტორიებზე დაიწყებს სახმელეთო ოპერაციას კონფლიქტის გაფართოების მაღალი რისკი არსებობს. ამავე წყაროების ცნობით, არსებობს რისკი, რომ საომარი მოქმედებების ლიბანის ტერიტორიაზე გადმოტანის შემთხვევაში ქვეყანაში ირანის მიერ კონტროლირებადი დაჯგუფებების ათასობით მებრძოლი ჩავა, სირიიდან, იემენიდან, ერაყიდან. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელის არმიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზღვრის მონაკვეთიდან ჰეზბოლას დანაყოფების 10-15 კილომეტრით დაშორებაა. საუბარია მდინარე ლიტანის გადაღმა ტერიტორიაზე. 

ლიბანის მოსაზღვრე ტერიტორიებზე ისრაელი მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია ჰამასის თავდასხმიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა. ამ დრომდე ევაკუაციაში რჩება 60 ათასამდე მოქალაქე. 

ბოლო კვირებში გაიზარდა ჰეზბოლას მხრიდან განხორციელებული დრონების წარმატებული თავდასხმების რიცხვი. მზარდ პრობლემას წარმოადგენს დაჯგუფების მიერ ნასროლი ბურქანის ტიპის რაკეტები, რომლებიც აზიანებენ ისრაელის სამხედრო ბაზებს. 

 

მსგავსი სიახლეები