IMF: Nord Stream 2 უკრაინის სატრანზიტო შემოსავალს $1.2 მილიარდამდე შეამცირებს

 

Nord Stream 2-ის გაზსადენი უკრაინის სატრანზიტო შემოსავალს წელიწადში 2.5-დან 1.2 მილიარდ დოლარამდე შეამცირებს. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში ვკითხულობთ, რომელიც 24 ნოემბერს გამოქვეყნდა.

"ბოლო 5 წელიწადში, უკრაინა წელიწადში გაზის ტრანზიტით საშუალოდ 2.5 მილიარდ დოლარს იღებდა. 2021 წელს სატრანზიტო შემოსავალი წინა წლებთან შედარებით 40%-ით ნაკლები იქნება," ნათქვამია ფონდის ანგარიშში. "Nord Stream 2-ის ამოქმედების შემდეგ, უკრაინაში გაზის ტრანზიტი კიდევ უფრო შემცირდება და ქვეყნის შემოსავალი წელიწადში დაახლოებით 1.2 მილიარდი დოლარი იქნება."

2019 წლის 30 დეკემბერს უკრაინულმა ნაფტოგაზმა და რუსულმა გაზპრომმა ახალ სატრანზიტო კონტრაქტს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების თანახმად, უკრაინის ტერიტორიაზე 2020 წელს 65 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაივლიდა, შემდეგი 4 წლის განმავლობაში კი ყოველწლიურად 40 მილიარდი. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უფრო ნაკლები ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას განახორციელებს, მაინც ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა უნდა გადაიხადოს.

2020 წელს უკრაინის გავლით ევროკავშირში 55.9 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შევიდა, რაც ბოლო 7 წლის მინიმუმია.

 

 

მსგავსი სიახლეები