ირანი რუსეთში გაგზავნილი რაკეტების დიაპაზონის შეზღუდვას გეგმავს - Axios

ირანს,  საერთაშორისო რეაქციის შიშით, სურს შეზღუდოს იმ რაკეტების დიაპაზონი, რომელთა რუსეთისთვის გადაცემასაც აპირებს.

ამის შესახებ Axios ისრაელის ოთხი მაღალჩინოსნის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

საერთაშორისო წნეხის მიუხედავად ირანი რუსეთისთვის სხვადასხვა ტიპის რაკეტების გადაცემას გეგმავს - 3 დეკემბერს ირანში ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრ ფომინი, რომელიც ირანის არმიის შტაბის მეთაურს მოჰამად ბაგერის შეხვდა. 

ისრაელის დაზვერვაში შიშობენ, რომ რუსეთი ირანული წარმოების რაკეტებს უახლოეს მომავალში მიიღებს - საუბარია Fateh 110-ის ტიპის რაკეტებზე, რომლის მოქმედების რადიუსიც 300 კილომეტრია. 

წყაროს ინფორმაციით, ირანელებმა გადაიფიქრეს რუსეთისთვის Zolfaghar-ის ტიპის რაკეტების გადაცემა, რომლის მოქმედების რადიუსიც 700 კილომეტრს აღწევს. 

ირანისთვის და რუსეთისთვის დამატებით პრობლემას წარმოადგენს გაეროს მიერ 2015 წელს მიღებული რეზოლუცია, რაც ირანის ბირთვული შეთანხმების (JCPOA) ის ნაწილი იყო და რომლის მიხედვითაც, ქვეყნებს ეკრძალებათ ირანული წარმოების ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების მიღება, რომელთა მოქმედების რადიუსი 300 კილომეტრს, ხოლო ასაფეთქებლის წონა 500 კილოგრამს აღემატება. 

რეზოლუციის დარღვევა დამსჯელი მექანიზმის სახით სანქციების ამოქმედებას ითვალისწინებს, რაც უსიამოვნო იქნება ირანისთვის, თუმცა კიდევ უფრო არასასურველია რუსეთისთვის, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. 

კონტექსტი

ირანსა და რუსეთს შორის გასულ წლებში სამხედრო თანამშრომლობის დონე მუდმივად იზრდებოდა - შეიქმნა ორმხრივი კომისია, რომელიც ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობისა და განვითარების საკითხებზე მუშაობს. 

ამ თანამშრომლობამ განსაკუთრებული მნიშვნელობა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეიძინა - ირანი პრაქტიკულად ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც რუსეთს შეიარაღებას აწვდის. 

მათ შორის სწორედ ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ანადგურებენ რუსი ოკუპანტები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. 

თავდაპირველად ირანი უარყოფდა რუსეთისთვის დრონების მიწოდებას, თუმცა დაახლოებით 1 თვის წინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღიარა დრონების მიწოდება, თუმცა თქვა, რომ ეს დრონები რუსეთმა ირანისგან ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე მიიღო. 

10 დეკემბერს ტელეარხ NBC-ის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამი იყო, რომ დრონების სანაცვლოდ რუსეთი ირანს უპრეცედენტო სამხედრო დახმარებას სთავაზობს. 

უსეთს შეუძლია ირანს მიაწოდოს თანამედროვე სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ვერტმფრენები და საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე შეიარაღების კომპონენტები. მათი თქმით, გაზაფხულზე ირანელმა პილოტებმა რუსეთში გაიარეს წვრთნა რუსული გამანადგურებლის, Su-35-ის მართვაზე. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ რუსეთის ფედერაცია მომავალ წელს ამ თვითმფრინავებს ირანს მიაწოდებს.

NBC წერს, რომ რუსეთი მოუთმენლად ელის ირანთან თანამშრომლობას იარაღის შემუშავებაზე, მათ შორის, შესაძლოა, ერთობლივი რუსულ-ირანული თვითმფრინავების წარმოების ხაზის შექმნა.

მსგავსი სიახლეები