ირანი: საუდის არაბეთი ორმხრივი მოლაპარაკებების გასაახლებლად მზად არის

საუდის არაბეთს ორმხრივი მოლაპარაკებების განახლება სურს, აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი საიდ ხათიბზადე.

ხათიბზადეს განცხადება ირანში ერაყის პრემიერის ვიზიტს მოჰყვა, რომელიც რეგიონის ორ დაპირისპირებულ ქვეყანას შორის შუამავლად მიიჩნევა.

სუნიტურმა საუდის არაბეთმა და შიიტურმა ირანმა დიპლომატიური ურთიერთობები 2016 წელს გაწყვიტეს.

ელჩების გაწვევის საბაბად საუდის არაბეთში მაღალი რანგის შიიტი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯა იქცა. განაჩენით უკმაყოფილო ირანელებმა საუდის არაბეთის საელჩო დაარბიეს.

მხარეებს შორის მოლაპარაკებების ბოლო, მეხუთე რაუნდი აპრილში ჩატარდა.

თეირანის განცხადებით, ერ-რიადთან შეთანხმებას მიაღწიეს ირანელი პილიგრიმების მექაში ყოველწლიური ჰაჯისთვის ვიზიტის თაობაზე.

ირანი და საუდის არაბეთი რეგიონში მიმდინარე რამდენიმე კონფლიქტში საპირისპირო მხარეს იკავებენ.

ირანი იემენში აჯანყებული ჰუსიტების მფარველად მიიჩნევა, რომლებსაც საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი კოალიცია ებრძვის.

თეირანი ერ-რიადს ისრაელთან ურთიერთობების დათბობაშიც ადანაშაულებს.

მსგავსი სიახლეები