ირანი ურანის გამდიდრებას 60%-მდე ზრდის

ირანმა ფორდოს მიწისქვეშა ქარხანაში ურანის 60%-მდე გამდიდრება დაიწყო. ამ ინფორმაციას ირანული ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ISNA ავრცელებს.

ამის შესახებ ირანის ხელისუფლებამ უკვე გაუგზავნა შეტყობინება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA). 

ასევე ცნობილია, რომ დამონტაჟდა დამატებითი ცენტრიფუგები ფორდოსა და ნეტანზეს ობიექტებში. ირანი სხვა ატომურ სადგურზე უკვე ამდიდრებს ურანს 60%-მდე. 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების პირობების მიხედვით, ირანს არ აქვს 3,67%-ზე მეტი ურანის გამდიდრების უფლება.

ბირთვული იარაღის წარმოებისთვის საჭიროა ურანის 90%-მდე გამდიდრება.

საერთაშორისო ბირთვულმა შეთანხმებამ მოქმედება რამდენიმე წლის წინ შეწყვიტა შეერთებული შტატების ცალმხრივი გასვლის შემდეგ, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო. 

ჯო ბაიდენის პრეზიდენტად არჩევნის შემდეგ შეთანხმების აღდგენაზე მოლაპარაკებები უშედეგოდ მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ, ირანში ურანის კვალი სამ არადეკლარირებულ ადგილზე აღმოაჩინეს. ამასთან დაკავშირებით IAEA-ს მმართველთა საბჭომ 17 ნოემბერს მიიღო შეერთებული შტატების და ევროპული სამეულის (ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი) რეზოლუცია, რომელიც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას ითხოვს.

გარდა ამისა, IAEA-მ ირანისგან მოითხოვა დაუყოვნებლივ აეხსნა არადეკლარირებული ობიექტებზე აღმოჩენილი ბირთვული მასალის წარმოშობა, მიეწოდებინა დოკუმენტაცია და უზრუნველეყო ობიექტებზე წვდომა.

ირანული სააგენტო ISNA წერს, რომ თეირანმა ფორდოს ქარხანაში ურანის 60%-მდე გამდიდრების შესახებ გადაწყვეტილება ამ რეზოლუციის საპასუხოდ მიიღო.

მსგავსი სიახლეები