ირანმა ჩინეთში რუსული ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო
ჩინეთმა მკვეთრად გაზარდა ირანიდან ნავთობის შესყიდვა და ძვირადღირებული რუსული ნავთობი ჩაანაცვლა, რომლის ფასიც იზრდება და დასავლეთის მიერ დადგენილ ფასის ზედა ზღვარს აღემატება.
ამის შესახებ Bloomberg Kpler-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
აგვისტოში ჩინეთს ირანიდან დღეში 1.5 მილიონი ბარელი ნავთობი შემოაქვს, რაც მინიმუმ ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდული მოცულობაა.
ირანულ ნავთობზე მოთხოვნა იანვარ-ივლისთან შედარებით ერთნახევარჯერ გაიზარდა.
როგორც Bloomberg-ს რეგიონში მომუშავე მოვაჭრეებმა განუცხადეს, მიზეზი ფასია. ირანული ნავთობი ბარელზე 10 დოლარის ფასდაკლებით იყიდება ჩინეთში და გაცილებით იაფია, ვიდრე რუსული ნავთობი.
მაისის შუა რიცხვებიდან რუსეთიდან აზიაში ნავთობის ექსპორტი 25%-ით შემცირდა და მისი მოცულობა - 2.6 მილიონი ბარელი დღეში ივლისის ბოლოსთვის - ყველაზე დაბალი ნიშნულია იანვრის დასაწყისიდან.