ირანში, ყასემ სოლეიმანის საფლავზე აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის სასაფლაოზე აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა - დღეს სოლეიმანის გარდაცვალების მესამე წლისთავია. 

ინფორმაციას ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს. 

ქერმანის პროვინციის ვიცე-გუბერნატორმა მომხდარი ტერორისტულ აქტად მოიხსენია. მისი ცნობით, აფეთქებების შედეგად დაჭრილია 60 ადამიანი. აფეთქება მოსახსენიებელი ცერემონიის დროს მოხდა. 

კონტექსტი 

ყასემ სოლეიმანი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტური ყუდსის დანაყოფის მეთაური იყო. წლების განმავლობაში სწორედ სოლეიმანი მიიჩნეოდა რეგიონში პრო-ირანული შეიარაღებული დანაყოფების ქსელის ორგანიზატორად და კოორდინატორად. 

ყასემ სოლეიმანი 2020 წლის 3 იანვარს ქალაქ ბაღდადის აეროპორტის მახლობლად ამერიკული დრონის თავდასხმისას მოკლეს. 

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსნები ხშირად კვდებიან იდუმალ გარემოებებში ირანის ტერიტორიაზეც. მაგალითად,  გახმაურებული შემთხვევა ირანის ბირთვული პროგრამის წამყვანი ფიზიკოსს უკავშირდებოდა - მოჰსენ ფახრიზადე საკუთარ ავტომობილში დისტანციურად მართული ტყვიამფრქვევით მოკლეს. 

საყურადღებოა, რომ 2 იანვარს ჰამასის ბეირუთის ოფისზე განხორციელებული დრონის დარტყმის შედეგად მოკლეს ორგანიზაციის პოლიტ-საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სალეჰ ალ-არური. 

ისრაელი ამ დრომდე არ ადასტურებს მონაწილეობას ალ-არურის ლიკვიდაციაში. 

გასულ კვირებში Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ომის დასრულების შემდეგ ისრაელის სპეცსამსახურები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ჰამასის ლიდერების ლიკვიდაციის გეგმაზე მუშაობენ. 

მსგავსი სიახლეები