ირანული მედია: გენპროკურორმა ზნეობის პოლიცია გაუქმებულად გამოაცხადა
თითქმის სამთვიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ირანში ზნეობის პოლიცია გაუქმებულად გამოცხადდა, ამის შესახებ ირანის გენერალურმა პროკურორმა გამოაცხადა.
გენპროკურორის სიტყვებს ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ISNA News ავრცელებს. ზნეობის პოლიციის გაუქმების შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუვრცელებია არცერთ სახელმწიფო უწყებას.
"ზნეობის პოლიციას არაფერი აქვს საერთო იუსტიციის სამმართველოსთან და ის გაუქმებულად გამოცხადდა",- განაცხადა მოჰამად ჯაფარ მონთაზერიმ თეირანში გამართულ რელიგიურ კონფერენციაზე.
Al Jazeera წერს, რომ ზნეობის პოლიციის გაუქმების ნიშნები არ შეინიშნება ქუჩებში და ჯერჯერობით არაფერია ცნობილია იმ კანონის შესახებ, რომელიც ქალებს ჰიჯაბის ტარებას ავალდებულებს.
რას წარმოადგენს ზნეობის პოლიცია
ზნეობის პოლიცია ირანში ულტრა-კონსერვატორი მაჰმუდ აჰმადინეჯადის პრეზიდენტობის წლებში შეიქმნა და მისი ოფიციალური
მიზანი "მოკრძალების და ჯიჰაბის კულტურის გავრცელება იყო". ზნეობის პოლიციის პირველი დანაყოფები ირანის ქუჩებში 2006 წელს გამოჩნდა.
ირანის გენერალურლმა პროკურორმა, მოჰამად მონთაზერიმ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტებზე წინა დღეებში ისაუბრა და განაცხადა, რომ პარლამენტიც და იუსტიციის სამმართველოც მსჯელობენ საჭიროა თუ არა ცვლილებები ჰიჯაბის სავალდებულო ტარების კანონში.
ამავე თემაზე საუბრისას ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ სატელევიზიო კომენტარში განაცხადა, რომ ჰიჯაბის ტარება ქვეყნის კონსტიტუციით არის განსაზღვრული, თუმცა კანონის იმპლემენტირების თვალსაზრისით სახელმწიფო შესაძლოა უფრო მოქნილი იყოს.
ჰიჯაბის ტარება ქალებისთვის სავალდებულო 1983 წელს, ისლამური რევოლუციის ლიდერის, აიათოლა ხომეინის ინიციატივით გახდა.
თავის მხრივ ზნეობის პოლიციის დანაყოფები ქუჩებში ძირითადად მწვანე ფორმაში გამოწყობილი კაცები პატრულირებდნენ, ხოლო ზნეობის პოლიციის ქალი თანამშრომლები შავი ჩადრით გამოდიოდნენ, რომელიც სრულად ფარავს ზედა ტანს.
ზნეობის პოლიციის როლი წლების განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა საკითხი ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო, განსხვავებული იყო მიდგომები სხვადასხვა პრეზიდენტების მმართველობის დროს.
მაგალითად ჩაცმის წესები შესამჩნევად შეიცვალა რეფორმისტი პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის მმართველობის წლებში, როდესაც ირანის ქუჩებში ქალებს შეეძლოთ ჯინსით და მოშვებული თავსაფრით გამოსვლა.
ჰასან როუჰანის შემცვლელმა ებრაჰიმ რაისიმ მიმდინარე წლის ივლისში ჰიჯაბის სავალდებულო წესის აღსრულების გამკაცრება მოითხოვა.
მიუხედავად ამისა, ირანელი ქალები ხშირად უარს ამბობდნენ რეპრესიული კანონის ზედმიწევნით აღსრულებაზე, ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ქვეყნის დიდ ქალაქებში.
კონტექსტი
ირანში 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლები უკვე თითქმის 3 თვეა მიმდინარეობს.
საპროტესტო დემონსტრაციებზე დაიღუპა 430 მოქალაქე, უკვე დაპატიმრებულია 17 000-ზე მეტი. თავდაპირველად ქალთა გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო დემონსტრაციები ისლამური რეჟიმის დამხობის მოთხოვნებმა ჩაანაცვლა.
ირანი საპროტესტო დემონსტრაციების პროვოცირებასა და დაფინანსებაში საუდის არაბეთს და აშშ-ს ადანაშაულებს. თავის მხრივ, ეს ირანის რეჟიმის მიერ გამოცდილი მეთოდია.
ცოტა ხნის წინ ირანის მეჯლისმა, რომელსაც არ აქვს სასჯელის დაკისრების უფლება, იუსტიციის სამინისტროს მოუწოდა, საპროტესტო აქციებისთვის დაპატიმრებული 15 ათასივე მოქალაქე სიკვდილით დაესაჯა.
რაც შეეხება სამართლებრივ ვერდიქტს, ამ დროისთვის ცნობილია სასიკვდილო განაჩენის გამოტანის მხოლოდ 1 შემთხვევის შესახებ.