ისრაელი და თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენაზე შეთანხმდნენ

იაირ ლაპიდი და რეჯეფ თაიპ ერდოღანი ქვეყნებს შორის სრულმასშტაბიანი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და ელჩების დანიშვნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრემიერის კანცელარია ავრცელებს

"ლიდერებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, ქვეყნები სრულად აღადგენენ დიპლომატიურ ურთიერთობებს", - ნათქვამია ოფიციალურ შეტყობინებაში. 

საკითხის გადასაჭრელად მოლაპარაკებები ბოლო 1 წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. მათ შორის მოვლენას წინ უსწრებდა ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის ვიზიტი ანკარაში. 

მიმდინარე წლის ივნისში თურქეთის დედაქალაქს იაირ ლაპიდიც ეწვია. 

ისრაელის პრემიერის თქმით, თურქეთთან სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მნიშვნელოვანია რეგიონული სტაბილურობისთვის და ძალინ მნიშვნელოვანია ეკონომიკური კუთხით ისრაელის მოქალაქეებისთვის. 

კონტექსტი

ისრაელსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები პრაქტიკულად სრულად 2011 წლის შემდეგ გაწყდა, რისი მიზეზიც ღაზის სექტორის აკვატორიაში შესული თურქული გემი Mavi Marmara იყო. 

ფორმალურად საქველმოქმედო ორგანიზაციის საკუთრებაში არსებულ გემებს აქტიური კავშირები ჰქონდა ევროპაში მოქმედ სხვადასხვა ისლამისტური ორგანიზაციების დაჯგუფებებთან. გემმა რამდენიმეჯერ დაარღვია ღაზასთვის დაწესებული ბლოკადაც. 

2011 წლის თებერვალში გემზე რეიდით ისრაელის საზღვაო ქვეითები ავიდნენ, რასაც შეიარაღებული წინააღმდეგობა მოჰყვა. სროლის შედეგად დაიღუპა თურქეთის 9 მოქალაქე. 

ისრაელმა უარყო თურქეთის მოთხოვნები ოფიციალური ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით და ოფიციალური ანკარა ჰამასის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. 

მომდევნო წლების განმავლობაში თურქეთის რიტორიკა ისრაელის მიმართ კიდევ უფრო უხეში გახდა, ერდოღანი სხვადასხვა ფორუმებზე ისრაელს ტერორისტულ და ოკუპანტ სახელმწიფოს უწოდებდა.

2018 წელს, მას შემდეგ რაც აშშ-ს გადაწყვეტილებას საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის შესახებ ღაზაში სამოქალაქო არეულობა მოჰყვა თურქეთმა ისრაელიდან საკუთარი ელჩი გაიწვია. 

თურქეთმა ღიად ანტი-ისრაელური პოზიცია დაიჭირა 2021 წლის მაისში ჰამასსა და ისრაელს შორის მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების დროსაც. 

მიუხედავად ამისა მალევე, კონფრონტაციული რიტორიკა კონსტრუქციული მიდგომით შეიცვალა და ერდოღანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ისრაელთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს

მოვლენები განსაკუთრებით დაჩქარდა მიმდინარე წლის ივნისში იაირ ლაპიდის ვიზიტის შემდეგ, რასაც ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ახლო თანამშრომლობა მოჰყვა. 

ანკარაში მყოფმა ლაპიდმა მადლობა გადაუხადა თურქეთს ქვეყნის ტერიტორიაზე იმ ებრაელების გადარჩენისთვის, რომელთა მოკვლასაც ირანული სპეცსამსახურები გეგმავდნენ. 

საუბარი ეხება 8 ირანელის დაკავებას, რომლებიც არსებული ინფორმაციით, თურქეთში მყოფი ებრაელი ტურისტების გატაცებას და მკველობას გეგმავდნენ. 

 

 

მსგავსი სიახლეები