ისრაელში აშშ და არაბული ქვეყნები ისტორიულ სამიტს მართავენ
ისრაელში აშშ და ოთხი არაბული ქვეყანა ისტორიულ შეხვედრას მართავენ.
ნეგევის უდაბნოში სამიტს ისრაელის, ამერიკის, ეგვიპტის, მაროკოს, ბაჰრეინის და საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან.
სამიტი ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში კიდევ ერთ ნაბიჯად შეაფასეს.
„ის, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, ისტორიაში შევა - ჩვენ პროგრესზე, ტექნოლოგიებზე, რელიგიურ ტოლერანტობაზე, უსაფრთხოების და დაზვერვის სფეროში თანამშრომლობაზე დაფუძნებულ, ახალ რეგიონულ არქიტექტურას ვქმნით“, - განაცხადა კონფერენციის მასპინძელმა, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა.
ჩვენი ახალი შესაძლებლობები ჩვენს საერთო მტრებს შეაკავებს - უპირველეს ყოვლისა, ირანს და მის მარიონეტებს, აცხადებს ლაპიდი.
ეგვიპტე 1979 წელს პირველი არაბული ქვეყანა იყო, რომელმაც ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.
2020 წელს აბრაამის შეთანხმებების ხელმოწერის შემდეგ ისრაელმა სპარსეთის ყურის გავლენიან სახელმწიფოსთან, საამიროებთან გააბა კავშირი.
სამიტს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პირადად დაესწრება. ის ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში დასავლეთ ნაპირზე, ალჟირსა და მაროკოში ვიზიტებს გეგმავს.
ბირთვული ხელშეკრულების აღდგენის ფონზე, რაც ირანისთვის დაწესებული სანქციების მოხსნას მოასწავებს, ისრაელი არაბულ ქვეყნებთან ერთად თეირანის მოწინააღმდეგე კოალიციის შეკვრას ცდილობს.