ISW: სავარაუდოა, რომ უკრაინის არმიამ ლიმანი ოპერატიულ ალყაში მოაქცია

სავარაუდოა, რომ უკრაინის არმიამ კონტროლზე აიყვანა ლიმანის დაჯგუფების მომარაგების ბოლო დარჩენილი ხაზი, რითიც შეკრა წრე და ლიმანში მყოფი რამდენიმე ათასიანი ოკუპანტების დაჯგუფება ოპერატიულ ალყაში მოაქცია. ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ მიმოხილვაშია ნათქვამი

ფრონტიდან მოსული ბოლო ცნობების მიხედვით, უკრაინელმა მებრძოლებმა გაარღვიეს რუსების თავდაცვის ზღუდე დასახლებულ პუნქტ სტავკისთან, რომელიც ლიმანიდან 10 კილომეტრში მდებარეობს. 

ამ მიმართულებით უკრაინელებმა რუსებს მომარაგების ბოლო ხაზი გადაუჭრეს, რომელიც ტორსკოესა და დრობიშევოს აკავშირებდა. 

რუსი სამხედრო კორესპონდენტებისა და ბლოგერების მტკიცებით, ვითარება კრიტიკულია და ლიმანის 'დაცემა' გარდაუვალია ადგილზე რეზერვების სწრაფი გადასროლის გარეშე. 

ამ დროისთვის ქალაქ ლიმანს უკრაინელი მებრძოლები ერთდროულად 3 ფლანგიდან უახლოვდებიან. საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი, რობ ლი წერს, რომ ლიმანთან შეკრული წრე უკრაინელებმა შესაძლოა უახლოეს საათებში და დღეებში ჩამოამხონ, რაც მისი აზრით ჩრდილში მოაქცევს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების ანექსიას. 

რობ ლის აზრით, უკვე არსებულ ვითარებაში სავარაუდოა, რომ ლიმანიდან უკან დახევის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშიც, რუსები ამის გაკეთებას მძიმე დანაკარგების გარეშე ვერ შეძლებენ. 

სამხედრო ექსპერტის აზრით, ლიმანის გათავისუფლება უკრაინას გზას გაუხსნის დონბასში გამათავისუფლებელი ოპერაციების გაფართოებისკენ. 

მსგავსი სიახლეები