ISW: უკრაინის კონტრიერიშს ორივე ფრონტზე შესამჩნევი პროგრესი აქვს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ წამოწყებულ კონტრიერიშებს ორივე ფრონტზე შესამჩნევი წინსვლა აქვს. ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტის მიერ მომზადებულ მიმოხილვაშია ნათქვამი.
"უკრაინის კონტრიერიშს ხელშესახები პროგრესი აქვს როგორც სამხრეთში, ასევე აღმოსავლეთში. უკრაინის შეიარაღებული ძალები რამდენიმე მიმართულებით წინ მიიწევენ დასავლეთ ხერსონის რაიონში და მათ მოახერხეს მდინარე სივერსკი დონეცის მიმდებარე ტერიტორიების გათავისუფლება." - ნათქვამია მიმოხილვაში.
ამერიკელი სამხედრო ექსპერტების ცნობით, საოკუპაციო ძალების მომარაგების პრობლემის გამწვავების ფონზე, მოსალოდნელია, რომ უკრაინის კონტრშეტევის ტემპი უახლოეს მომავალში ყოველდღიურად გაიზრდება.
ამავდროულად, საოკუპაციო ძალები პერიოდულად გააგრძელებენ კონტრშეტევებს ავიაციისა და არტილერიის გამოყენებით. მიმოხილვაში ნათქვამია, რომ უკრაინის წინსვლამ აიძულა რუსი სამხედრო ბლოგერები უფრო რეალისტურ შეფასებებზე გადართულიყვნენ - იმ ფონზე, რომ აქამდე რუსი ბლოგერები ძალიან ახლოს იყვნენ კრემლის ოფიციალურ და ზეოპტიმისტურ შეფასებებთან.
ამერიკელი სამხედრო ექსპერტების თქმით, ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინელი მებრძოლების მიერ ხერსონის რაიონში სოფელ ვისოკოპილიას გათავისუფლება იყო.