იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ ვიცავთ უკრაინას, რადგან გვინდა მშვიდობა
იტალია მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და სწორედ ამიტომ უწევს სამხედრო და სხვა სახის დახმარებას. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ 19 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ ვიცავთ უკრაინას, რადგან მშვიდობა გვინდა. რატომ? უკრაინის დამარცხება მშვიდობამდე არ მიგვიყვანს. თუ გვინდა მშვიდობა, ჩვენ უნდა დავსხდეთ მრგვალ მაგიდასთან, მაგრამ თავისუფალ უკრაინასთან ერთად. და ამიტომ ვუგზავნით სამხედრო დახმარებას უკრაინას", - თქვა მან.
ტაიანიმ აღნიშნა, რომ იტალიამ უკვე დაამტკიცა უკრაინის სამხედრო დახმარების ექვსი პაკეტი და ქვეყანას სხვა სფეროებშიც ეხმარება.
დიპლომატმა განაცხადა, რომ ახლა უკრაინის დახმარება ნიშნავს მუშაობას მშვიდობის მისაღწევად.
"ჩვენი მიზანია მშვიდობის მიღწევა. ჩვენ არ ვართ მშვიდობის წინააღმდეგი. იტალია არ არის რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში, მაგრამ იტალია ჩართულია უკრაინის დამოუკიდებლობის დაცვაში. ამისათვის საჭიროა მეტის დახარჯვა ეროვნულ დონეზე." - განაცხადა მან.
გარდა ამისა, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპის ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების ზრდის აუცილებლობას.