იულია ნავალნაია რუსეთში "ექსტრემისტად" გამოაცხადეს
რუსეთის ფედერაციის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ქვრივი იულია შეიყვანა "ტერორისტებისა და ექსტრემისტების" სიაში.
ამის შესახებ რუსული ონლაინ მედია 11 ივლისს წერს.
ორი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ იულია ნავალნაიას ბრალი წაუყენეს "ექსტრემისტულ საზოგადოებაში" მონაწილეობაში. რუსეთში ის ძებნილთა სიაში შეიყვანეს. ამავე დროს, მოსკოვის ბასმანის სასამართლომ იგი დაუსწრებლად დააკავა.
Интерфакс-ის ცნობით, გამოძიება იულია ნავალნაიას ბრალს სდებს "ინტერნეტში ვიდეოების შექმნასა და გავრცელებაში, რომელიც მიზნად ისახავს ხელისუფლების დისკრედიტაციას და შემოწირულობების შეგროვებას კორუფციასთან ბრძოლის ფონდისთვის."
"ექსტრემისტული საზოგადოების" საქმე ალექსეი ნავალნისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ 2021 წლის სექტემბერში აღიძრა. ამ საქმეზე პირველი დაკავებული იყო ნავალნის შტაბის ყოფილი უფროსი უფაში, ლილია ჩანიშევა. მას ცხრანახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.