ჯანკოიში ЗСУ-ს დარტყმისას განადგურებულია 1 C-400 და C-300-ის 2 გამშვები დანადგარი

17 აპრილის ღამით ოკუპირებულ ყირიმში ჯანკოის აეროდრომზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ზუსტი დარტყმის შედეგად განადგურებულია რუსეთის არმიის მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემები. 

ჯანკოის სამხედრო აეროდრომზე აფეთქებებისა და ხანძრის ვიდეოები გასული საათების განმავლობაში აქტიურად ვრცელდება რუსულ და უკრაინულ ტელეგრამ არხებზე. 

რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან (ГРУ) დაახლოებული ტელეგრამ არხის ცნობით, ЗСУ-ს სამიზნე რუსეთის მეოთხე არმიის 39-ე საავიაციო და საჰაერო თავდაცვის პოლკის ბაზირების წერტილი იყო. 

შეტევის შედეგად განადგურებულია რუსეთის მოწინავე და ყველაზე ძვირადღირებული საჰაერო თავდაცვის სისტემა C-400-ის 1 კომპლექსი. რუსული წყაროების ცნობით, ასეთი კომპლექსის ღირებულება 300 მილიონ დოლარს აღემატება. 

დაიბომბა 77-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის სამხედრო ტექნიკის სარემონტო პუნტქიც - დარტყმის მომენტში ადგილზე განთავსებული იყო C-300-ის საზენიტო სისტემის 2 გამშვები დანადგარი. შეტევის შედეგად ადგილზე გაჩნდა ხანძარი, რამაც დასაწყობებული საბრძოლო მასალის დეტონაცია გამოიწვია. 

ამავე წყაროს ცნობით, დაჭრილია 15 ოკუპანტი, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 22.

რუსული წყაროების ცნობით, ЗСУ-მ შეტევა ATACAMS-ის ტიპის რაკეტებით განახორციელა, თუმცა ამ სისტემების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ ცნობები დადასტურებული არ არის. 

მსგავსი სიახლეები