ჯონსონი: პუტინი შესაძლოა უკრაინაზე "ალოგიკურად" ფიქრობს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მისი აზრით, რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი შესაძლოა უკრაინაში შეჭრის თავდაპირველ გეგმებზე "ალოგიკურად" ფიქრობდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
კვირას BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჯონსონმა თქვა, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესების მუქარა "შეიძლება არ იყოს საკმარისი ირაციონალური აქტორის შესაჩერებლად და ჩვენ ახლა უნდა გავიაზროთ, რომ ვლადიმირ პუტინი, შესაძლოა, ალოგიკურად ფიქრობს ამაზე და კატასტროფას ვერ ხედავს."
კვირას, ჯონსონმა განმარტა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, დიდ ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ რუსული კომპანიების მათ ვალუტაზე წვდომა აღარ მისცენ.
"ჩვენ, ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად ვაპირებთ შევაჩეროთ მათთან ფუნტებსა და დოლარებში ვაჭრობა", - თქვა ჯონსონმა.