ჯონსონი რუსებს: ისტორია არ დაივიწყებს მათ, ვინც რუსული არმიის სისასტიკეს თვალი აარიდა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 5 აპრილს რუსეთის მოქალაქეებისადმი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შესახებ მიმართვა Twitter-ზე გამოაქვეყნა.
"რუს ხალხს: ნახეთ, რა კეთდება თქვენი სახელით", - ნათქვამია ვიდეოს აღწერაში.
მან რუსებს მოუწოდა, უკრაინაში რუსეთის სისასტიკის შესახებ ჭეშმარიტი ინფორმაცია მოიძიონ.
ჯონსონმა მიმართვა რუსულად დაიწყო და აღნიშნა, რომ "რუსები სიმართლეს და ფაქტების ცოდნას იმსახურებენ".
შემდეგ მან ინგლისურად გააგრძელა სიტყვა, ვიდეოს კი რუსული სუბტიტრები ჰქონდა.
ჯონსონმა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ოკუპანტების დანაშაულებზე, კერძოდ კიევის მახლობლად დასახლებულ პუნქტებში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე ისაუბრა.
"რუსი სამხედროების სისასტიკემ ბუჩაში, ირპენში და უკრაინის სხვა დასახლებებში მსოფლიო შეაძრწუნა. მშვიდობიანი მოსახლეობა ხელებშეკრული და დახვრეტილი იყო. ქალებს შვილების თვალწინ აუპატიურებდნენ. მთლიანად დამწვარი გვამები მასობრივ საფლავებში ან ქუჩაში დაყარეს. ეს ცნობები იმდენად შემაძრწუნებელი და შემზარავია, რომ გასაკვირი არ არის, რომ ხელისუფლება ცდილობს ამის თქვენგან დამალვას", - თქვა ჯონსონმა.
ჯონსონის აზრით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ თუ რუსები სიმართლეს დაინახავენ, ომს მხარს არ დაუჭერენ.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რუსებს მოუწოდა გამოიყენონ VPN და ინფორმაცია "მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან" მიიღონ, არა მხოლოდ რუსული მედიიდან.
ჯონსონმა სიტყვა რუსულად დაასრულა. "თქვენს პრეზიდენტს ბრალი ედება ომის დანაშაულებში. მაგრამ არ მჯერა, რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს", - მიმართა მან რუსებს.