ჯონსონი: უკრაინის დახმარების "ინოვაციურ" პაკეტს არდადეგების შემდეგ განვიხილავთ
კონგრესის სპიკერის თქმით, უკრაინის დახმარების განახლებულ პაკეტს კენჭისყრაზე სააღდგომო არდადაგების დასრულების შემდეგ გამოიტანს.
ამის შესახებ მაიკ ჯონსონმა ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა.
ჯონსონის თქმით, მისი გუნდი უკვე დიდი ხანია მუშაობს უკრაინის დახმარების კონსენსუსურ ვარიანტზე, რომელიც ორივე პარტიისთვის იქნება მისაღები.
"როდესაც ამ კვირის შემდეგ სამუშაო პროცესს დავუბრუნდებით, ჩვენს იდეას წარმოვადგენთ და ვფიქრობ მასში იქნება მნიშვნელოვანი ინოვაციები",- განაცხადა ჯონსონმა.
ცვლილებებზე საუბრისას ჯონსონმა ამერიკის შეერთებულ შტატების მიერ გაყინული რუსული აქტივები ახსენა - "თუ კი ჩვენ შევძლებთ რუსი ოლიგარქების გაყინული აქტივების გამოყონებას უკრაინელების დასახმარებლად ეს სუფთა პოეზია იქნება."
კონტექსტი
ცოტა ხნით ადრე კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკ ტერნერმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია რომ უკრაინის დახმარების პაკეტს კონგრესში მყარი მხარდაჭერა ექნება.
რუსული აქტივების გამოყონება ან დახმარების კრედიტის სახით გადაცემაზე მაიკ ჯონსონმა პირველად მარტის დასაწყისში განაცხადა.
წყაროს ცნობით, ჯონსონი ასევე განიხილავს დაზღვევის დამატებითი მექანიზმების შექმნას. საუბარია მაიკ მაკკოლის იდეაზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის გაყინული სუვერენული აქტივების კონფისკაციას და მათ უკრაინის დახმარების ფონდისთვის გადაცემას გულისხმობს.
ერთ-ერთი 22 რესპუბლიკელი სენატორისგან, რომელმაც სენატში მხარი დაუჭირა უკრაინის დახმარების პაკეტს ამბობს, რომ მეტად ოპტიმისტურადაა განწყობილი. "მე მოვისმინე, რომ სპიკერმა თქვა, რომ უკრაინას ხელცარიელი არ დავტოვებთ",- თქვა ჯონ კორინმა.
მსგავსი განწყობაზეა კიდევ ერთი რესპუბლიკელი სენატორი, კევინ კრამერიც - "სპიკერმა საკმაოდ მკაფიოდ განაცხადა იმის შესახებ, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება."
მომატებული ოპტიმიზმის შესახებ საუბრობდა შეხვედრიდან გამოსული სენატორი, ლინდსი გრემიც.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ სრულმასშტაბიანი ომის დროს უკრაინისთვის კრედიტების გაცემა უადგილოა და დაამძიმებს უკრაინის ისედაც საკმაოდ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას.
უკვე თითქმის 6 თვეა ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო ვერ ახერხებს ეროვნული უსაფრთხოების ხელშეწყობის სახელით ცნობილი კანონპროექტის მიღებას.
95 მილიარდი დოლარის მოცულობის პროექტი ითვალისწინებს ისრაელისა და ტაივანის დახმარებას, მაგრამ უდიდესი ნაწილი ($60 მილიარდი დოლარი) სწორედ უკრაინისთვისაა განკუთვნილი.
ნოემბრიდან მოყოლებული იზოლაციონისტურად განწყობილი რესპუბლიკელების ჯგუფი, რომლებიც კონგრესში ბალანსს აკონტროლებენ უარს ამბობენ ახალი დაფინანსების დამტკიცებაზე.
თავდაპირველად რესპუბლიკელები უკრაინის დახმარების მიღების სანაცვლოდ ბაიდენის ადმინისტრაციისგან საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას ითხოვდნენ - დემოკრატიული პარტიის დათმობების მიუხედავად რესპუბლიკელებს პოზიცია არ შეუცვლიათ.