ჯონსონის თქმით, უკრაინის დახმარების სისტემა იცვლება და კენჭს 20 აპრილს უყრიან

მაიკ ჯონსონის თქმით, უკრაინის დახმარების სახეცვლილ აქტს კონგრესი კენჭისყრაზე 20 აპრილს გამოიტანს. 

ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს - ტელეარხის ცნობით, კენჭისყრის თარიღი კონგრესმენებს წერილით აცნობა. 

გარდა ამისა, იმავე დღეს იგეგმება ისრაელის, ტაივანისა და კიდევ 2 აქტის კენჭისყრა. ჯონსონის მიერ კონგრესმენებისთვის გაგზავნილ ტექსტში ნათქვამია, რომ უკრაინის დახმარების აქტი სტრუქტურულად შეიცვლება და კრედიტების სისტემაზე გადავა და გათვალისწინებული იქნება ანგარიშვალდებულების მექანიზმები.

გარდა ამისა კონგრესი იმავე დღეს განიხილავს კიდევ ერთ აქტს, რომელიც Tik-Tok-ის ამერიკული იურიდიული პირისთვის გაყიდვის ვალდებულებას და გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას გულისხმობს. 

ცალკე აქტად იქნება წარმოდგენილი სამხრეთ საზღვარზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრების აქტი, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის დროინდელ ზომებს შეიცავს. 

კონტექსტი 

აღნიშნული აქტების კენჭისყრაზე გამოტანა საფრთხეს უქმნის ჯონსონის პოზიციას - იზოლაციონისტურად განწყობილი რამდენიმე თანაპარტიელი მას იმპიჩმენტის პროცედურის ინიცრებით ემუქრება. 

გამოცემა Axios-ის ცნობით, ჯონსონის გარემოცვაში ამბობენ, რომ არ ეშინიათ იმპიჩმენტის პროცედურის. ამ დროისთვის ჯონსონს თანამდებობიდან გადაყენებით საჯაროდ რესპუბლიკელი, მარჯორი ტეილორ გრინი და ტომას მასი ემუქრებიან. 

სავარაუდოა, რომ ჯონსონი პირველ სირთულეს დღის წესრიგის შედგენისას გადააწყდება - რადგანაც ამ დროისთვის მას არ აქვს საკმარისი რესპუბლიკელების მხარდაჭერა ერთპარტიულად დღის წესრიგის დამტკიცებისთვის. 

იმავე Axios-სთან საუბარში, ერთ-ერთი მაღალი რანგის დემოკრატი აცხადებს, რომ მისი პარტია განიხილავს ჯონსონის დახმარებას ამ საკითხში. 

ისრაელის, უკრაინის და ტაივანის დახმარების 95 მილიარდიანი პაკეტი, საიდანაც 60 მილიარდი უკრაინისთვის არის განკუთვნილი სენატმა თებერვალში მიიღო, თუმცა ამ დრომდე დაბლოკილია კონგრესში. 

ამერიკული დახმარების გაჭიანურებამ ადმინისტრაციის წარმომადგენლის მტკიცებით უკვე იქონია უარყოფით გავლენა ბრძოლის ველზე უკრაინისთვის და მისი შემდგომი გაჭიანურების შემთხვევაში უკრაინა ეგზისტენციალური რისკების წინაშე აღმოჩნდება. 

 

მსგავსი სიახლეები