ჯორჯ კლუნი: მე მიყვარს ჯო ბაიდენი, მაგრამ ჩვენ ახალი კანდიდატი გვჭირდება
ჰოლივუდის სუპერვარსკვლავმა ჯორჯ კლუნიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ დროა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო რბოლა შეწყვიტოს, წარუმატებელი დებატებისა და საარჩევნო ფინანსების შესაგროვებლად ჩატარებულ ღონისძიებაზე გამოსვლის ფონზე, რომელსაც მსახიობი თავად ესწრებოდა.
"გამანადგურებელია ამის თქმა, მაგრამ ჯო ბაიდენი, ვისთან ერთადაც სამი კვირის წინ ვიმყოფებოდი კამპანიის თანხების შეგროვების ღონისძიებაზე, არ იყო 2010 წლის ბაიდენი," - წერს კლუნი New York Times-ში გამოქვეყნებულ მოსაზრების სვეტში. "ის 2020 წლის ჯო ბაიდენიც კი არ იყო. ის იყო იგივე ადამიანი, ვისაც დებატებზე ყველამ ვუყურეთ."
ივნისის ვარსკვლავური ღონისძიება ლოს ანჯელესში პრეზიდენტისთვის შემოწირულობების შესაგროვებლად ჩატარდა და მასში ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მსახიობი ჯულია რობერტსი და კომიკოსი ჯიმი კიმელი მონაწილეობდნენ. NBC News-ის ცნობით, საღამოზე 30 მილიონ დოლარზე მეტი შეგროვდა ბაიდენის კამპანიისთვის.
ბაიდენის დებატები ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან 27 ივნისს, ლოს-ანჯელესის ღონისძიებიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ ჩატარდა.
კლუნის სტატია ოთხშაბათს გამოქვეყნდა, კატასტროფული დებატებიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ. იმავე დღეს, წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა და გავლენიანმა დემოკრატმა ნენსი პელოსიმ უარი თქვა ბაიდენის კანდიდატურის საჯარო მხარდაჭერაზე.
"ჩვენ ამ კანდიდატით ნოემბერში ვერ გავიმარჯვებთ", - წერს კლუნი. "გარდა ამისა, ჩვენ ვერ მოვიგებთ წარმომადგენელთა პალატას და დავკარგავთ სენატს. ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი. ეს არის ყველა სენატორის, კონგრესის წევრის და გუბერნატორის აზრი, რომელთაც მე პირადად ვესაუბრე. თითოეული მათგანის, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ საჯაროდ."
კლუნი დემოკრატიული პარტიის ლიდერებს, როგორიცაა პელოსი, სთოხვს პრეზიდენტს მოუწოდონ შეწყვიტოს კამპანია.
"ტოპ დემოკრატებმა - ჩაკ შუმერმა, ჰეკიმ ჯეფრისმა, ნენსი პელოსიმ - და სენატორებმა, კონრესმენებმა და სხვა კანდიდატებმა, რომლებიც ნოემბერში მარცხის წინაშე დგანან, უნდა სთხოვონ პრეზიდენტს ნებაყოფლობით მოხსნას კანდიდატურა," - წერს კლუნი.
ამავდროულად, კლუნი პრეზიდენტისთვის კომპლიმენტებსაც არ იშურებს.
"ჯო ბაიდენი გმირია. მან 2020 წელს დემოკრატია გადაარჩინა. ჩვენ გვჭირდება, რომ მან ეს კიდევ ერთხელ გააკეთოს 2024 წელს." - წერს მსახიობი.