კადიროვი: უკრაინელ ტყვეებს გავუშვებ, თუ აშშ ჩემს ოჯახს სანქციებს მოუხსნის
ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, მზად არის გაათავისუფლოს უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმ შემთხვევაში თუ კი აშშ მისი ოჯახის წევრებისა და ცხენებისთვის დაწესებულ სანქციებს გააუქმებს.
ამის შესახებ კადიროვმა ჩეჩნეთში მყოფი გაეროს ყოფილი თანამშრომლის, სკოტ რიტერის სტუმრობის დროს განაცხადა. რიტერი 1990-იან წლებში გაეროს სპეციალურ მისიაში მუშაობდა, რომელიც ერაყში ბიოლოგიური იარაღის პროგრამის ლიკვიდაციის პროცესს აკვირდებოდა. 2000-იანი წლებში რიტერი პედოფილიაში დაადანაშაულეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რიტერი კრემლის ინგლისურენოვანი პროპაგანდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპიკერი გახდა.
ვინ არის გაეროს ყოფილი ინსპექტორი, რომელიც ბუჩის სასაკლაოში უკრაინას ადანაშაულებს
"თუ ისინი მოხსნიან დედაჩემისთვის, ჩემი ქალიშვილებისთვის, უდანაშაულო ადამიანებისთვის, ჩემი ცხენებისთვის, ჩემს გარდა ყველა ჩემი ახლობელისთვის დაწესებულ სანქციებს, ჩვენ ამ ადამიანებს (რედ. უკრაინელი ტყვეები) გავუშვებთ",- განაცხადა კადიროვმა.
ჩეჩნეთის ლიდერმა სკოტ რიტერს გადასცა უკრაინელი ტყვეების სიაც, რომელთაც სანქციების გაუქმების შემთხვევაში გაუშვებს. რიტერს ასევე, ანახეს უკრაინელი სამხედრო ტყვის ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ჯარისკაცი ამბობს, რომ სანქციების მოხსნის სანაცვლოდ 20 უკრაინელ სამხედრო გაათავისუფლებენ.
კონტექსტი
სანქციები რამზან კადიროვსა და მისი ოჯახის წევრებს აშშ-მა გასული წლის სექტემბერში დაუწესა, სანქციების ქვეშ მოჰყვა კადიროვის დედაც და მის მიერ დაფუძნებული "ახმატ კადიროვის სახელობის ფონდი."
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულ ფონდი ჩართულია გატაცებული უკრაინელი ბავშვების "პატრიოტული" აღზრდის ბანაკების სქემაში.