კარნი: თავდაცვის ხარჯებს მშპ-ს 2%-მდე უკვე წელს გავზრდით, გეგმაზე 7 წლით ადრე

კანადის პრემიერის თქმით, ქვეყანა თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე წელს გაზრდის - მისი წინამორბედის, ჯასტინ ტრიუდოს პრემიერობის დროს დამტკიცებული გეგმით სამიზნე მაჩვენებლისთვის კანადას მხოლოდ 2032 წელს უნდა მიეღწია.
State Of Play: ამის შესახებ ქვეყნის ახლად არჩეულმა პრემიერმა, მარკ კარნიმ ფორტ იორკის სამხედრო საწარმოში გამოსვლისას განაცხადა - ამასთანავე კარნის არ დაუკონკრეტებია, თუ რის ხარჯზე გაიზრდებოდა თავდაცვის დაფინანსება.
- ტორონტოში საუბრისას კარნიმ განაცხადა, რომ შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარება, ომში გამოყენებული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება და შეერთებულ შტატებთან დასუსტებული მოკავშირეობა ქვეყნისგან უფრსო სწრაფ და მტკიცე გადაწყვეტილებებს მოითხოვს.
- "ცივ ომში ჩვენ ამერიკელების მხარდამხარ ვიბრძოდით, ამ დროიდან მოყოლებული გლობალურ სცენაზე აშშ დომინანტურ როლს ასრულებდა, ეს დომინაცია დღეს წარსულის რელიქვიაა. დროა კანადამ საკუთარი გზა გაიკვალოს და თავისი ადგილი დაიმკვიდროს საერთაშორისო ასპარეზზე"- განაცხადა კარნიმ.
- ამ დროისთვის კანადა თავდაცვაზე მშპ-ს მხოლოდ 1.37%-ს ხარჯავს, რაც საგრნობლად ჩამოუვარდა ნატოში შეთანხმებულ ქვედა ზღვარს და დონალდ ტრამპის მწვავე კრიტიკას იწვევს.
Big Picture: კანადის მთავრობის ცნობით, თავდაცვის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 7 მილიარდი დოლარით გაიზრდება და ჯამში 62.7 მილიარდს გაუტოლდება, რაც მცირედით გადააჭარბებს მშპ-ს 2%-ს.
- კარნის თქმით, კანადა ასევე შეეცდება შესასყიდი შეიარაღების დივერსიფიცირებას და ამერიკული იმპორტის წილი შემცირდება - ამასთანავე გაზრდილი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი არმიასა და სხვა მომიჯნავე სააგენტოებში ხელფასების ზრდას მოხმარდება.
- სავარაუდოა, რომ კანადის ყურადღების ცენტრში იქნება არქტიკის რეგიონისა და ზღვის ფსკერის მონიტორინგი, რომელიც კარნის თქმით, სულ უფრო მეტად საფრთხიშემცველი ხდება რეგიონში ჩინეთისა და რუსეთის გაზრდილი აქტივობის გამო.
Context: ანალიტიკოსები დადებითად აფასებენ კარნის გადაწყვეტილებას, თუმცა ეკონომისტები მიუთითებენ, რომ შეერთებულ შტატებში ექსპორტზე დამოკიდებული ეკონომიკის პირობებში პროცესი შესაძლოა ამერიკასთან მიმდინარე სავაჭრო ომმა შეაფერხოს
- 9 ივნისს ლონდონში გამოსვლისას ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ალიანსის წევრებს თავდაცვის ხარჯების გაოთხმაგებისკენ მოუწოდა, რაც დაახლოებით მშპ-ს 5%-ს გაუტოლდება.
- მოსალოდნელია, თავდაცვის ხარჯების ზრდა იქნება ალიანსის მომდევნო სამიტის მთავარი თემაც, რომელიც ივნისის მიწურულს ჰააგაში გაიმართება.
Go Deeper: დონალდ ტრამპი მოკავშირეებისგან თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდა მოითხოვა