კატალონიელი სეპარატისტების ამნისტია მადრიდში 170 ათასმა ადამიანმა გააპროტესტა
შაბათს, დაახლოებით 170 000-მა ადამიანმა მადრიდის ცენტრში მსვლელობა მოაწყო კატალონიელი სეპარატისტების ამნისტიის კანონის წინააღმდეგ, რომლებიც 2017 წლის რეფერენდუმის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ.
ამის შესახებ Reuters წერს.
მომიტინგეებმა, რომლებსაც ეჭირათ წარწერები "სანჩესი მოღალატეა" და "არ გაყიდო ესპანეთი," გააპროტესტეს კატალონიელი სეპარატისტების ამნისტიის კანონი, რომელიც, მათი თქმით, საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას და ძალაუფლების დანაწილების პრინციპს.
170 000 მომიტინგეს შორის იყვნენ ოპოზიციური სახალხო პარტიის ლიდერი ალბერტო ნუნეს ფეიიო და ულტრამემარჯვენე Vox-ის თავმჯდომარე სანტიაგო აბასკალი.
ამ კვირის დასაწყისში, სოციალისტური მუშათა პარტიის ლიდერმა პედრო სანჩესმა პარლამენტისგან მიიღო მანდატი, შეექმნა მთავრობა, რომელსაც, ამნისტიის კანონის დამტკიცების სანაცვლოდ, მხარს უჭერენ კატალონიური და ბასკური ნაციონალისტური პარტიები.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ამნისტია შეეხება კატალონიის დამოუკიდებლობის 300-ზე მეტ მხარდამჭერს და 73 პოლიციელს, რომლებსაც ბრალი ძალაუფლების გადამეტებაში ედებათ.