"კაცურად ლაპარაკისთვის მზად ვართ",- ვაგნერის მეთაური კადიროველებს პასუხობს
ჩვკ ვაგნერის ერთ-ერთი დამფუძნებელმა და უცვლელმა მეთაურმა დმიტრი უტკინმა რამზან კადიროვთან დაახლოებული პირების მიმართვას უპასუხა. სწორედ უტკინის მეტსახელს (ვაგნერი) უკავშირდება ჩვკ-ს დასახელება.
უტკინის თქმით, ის მზად არის პირადად შეხვდეს დელიმხანოვს და დაუდოვს, მით უფრო, რომ ერთმანეთს ადრეც შეხვედრიან.
საყურადღებოა, რომ დელიმხანოვი და დაუდოვი, რომელთაგან პირველი სახელმწიფო დუმის დეპუტატი, ხოლო მეორე ჩეჩნეთის მეჯლისის სპიკერია კონკრეტულად ევგენი პრიგოჟინს მიმართავდნენ. ამ კუთხით უტკინის პასუხი მოულოდნელია, მით უფრო, რომ ეს მისი პირველი გამოჩენაა მედიასთან. ინტერნეტ სივრცეში უტკინის მხოლოდ რამდენიმე ფოტო მოიპოვება.
"მივმართავ ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, არსებული ვითარებიდან გამომდინარე სრულად გეთანხმებით - გარკვეული მოქალაქეები ნამდვილად უნდა მივაყენოთ კედელთან, იმ სირცხვილის გათვალისწინებით რაც მივიღეთ.
ჩვკ ვაგნერში არასდროს ყოფილა, არ არის და არასდროს იქნება პანიკური განწყობები.
წარმოქმნილ პრობლემებს ვწყვეტთ ხელმისაწვდომი მეთოდებით, რომელიც არ ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობას და კონსტიტუციას.
საიდან მოვიდა თქვენი ასეთი ფამილარობა, ვინ მოგცათ უფლება შენობით და ჟენიათი მიმართოთ ადამიანს.
თქვენგან თვითმფრინავები, ვერტმფრენები და რეაქტიული ცეცხლის სისტემები არ მიგვიღია.
დიახ, კერძო სამხედრო კომპანიების სიაში ჩვკ ვაგნერი პირველ ადგილს იკავებს, ეს აღიარებულია.
კაცური საუბრისთვის ყოველთვის მზად ვართ. მით უმეტეს, რომ ჩვენ ერთმანეთს ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომებიდან ვიცნობთ',- ნათქვამია უტკინის განცხადებაში.
კონტექსტი
უტკინის პირველი საჯარო აქტივობაში ყურადღებას იქცევს ბოლო ფრაზა - გასული საუკუნის მიწურულს ჩეჩნეთში განვითარებული ომების დროს უტკინი გენერალური შტაბის სპეცრაზმში მსახურობდა, ხოლო დელიმხანოვი და დაუდოვი მაშინ ჩეჩენი აჯანყებულების მხარეს გამოდიოდნენ.
კადიროვის გარემოცვის მიმართვას გამოეხმაურა თვითონ პრიგოჟინიც - მისი თქმით, მას არაფერი დამამცირებელი კადიროვის სპეცრაზმზე არ უთქვამს. ამასთანავე, პრიგოჟინის ამბობს, რომ "დისკუსიის მონაწილეებს" აქვთ მისი სატელეფონო ნომერი და ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაუკავშირდნენ.
უფრო მეტი პრიგოჟინსა და კადიროველებს შორის განვითარებულ კონფლიქტზე წაიკითხეთ აქ.