კევინ მაკარტი წარმომადგენელთა პალატის სპიკერად მე-11 ცდით ვერ აირჩიეს

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი კევინ მაკკარტი ზედიზედ 11-ჯერ ვერ აირჩიეს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტზე. ამ ინფორმაციას 6 იანვარს Reuters ავრცელებს.

სპიკერის არჩევნების მესამე დღე კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა და კონგრესმენებმა კენჭისყრა კიდევ ერთი დღით გადადეს. CNN წერს, რომ მსგავსი შემთხვევა 1859 წლის შემდეგ არ ყოფილა, როდესაც სპიკერის არჩევას ხმის მიცემის 44 რაუნდი დასჭირდა. წინა ანტირეკორდი, ცხრა მცდელობა, 1923 წელს დაფიქსირდა.

მე-11 მცდელობის შემდეგ მაკკარტიმ, ისევე როგორც წინა 10 შემთხვევაში, საჭირო 218 ხმა ვერ მიიღო, მას 200-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

რესპუბლიკელების რადიკალური, ტრამპისტული ფრთის წარმომადგენელმა ბაირონ დონალდსმა კვლავ 20 ხმა მიიღო.

მაკარტის კონკურენტმა, დემოკრატმა ჰაკიმ ჯეფრისმა, წინა დღეების მსგავსად, 212 ხმა დააგროვა. სპიკერის არჩევნების მე-11 ტურის დაწყებამდე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი პარტია რესპუბლიკელების დახმარებას არ გეგმავს და ერთიანობას შეინარჩუნებს. თავად კევინ მაკკარტი არ აპირებს კანდიდატურის მოხსნას. ამავდროულად, რესპუბლიკური პარტიის წყარომ CNN-თან ცენტრისტების "მზარდ იმედგაცრუებაზე" ისაუბრა იმ დათმობების გამო, რომელსაც მაკარტი შიდაპარტიული ოპონენტების მხარდაჭერის მოსაპოვებლად გეგმავს.

კონტექსტი

2022 წლის ნოემბერში ამერიკაში კონგრესის შუალედური არჩევნები ჩატარდა. ქვედა, წარმომადგენლობით პალატაში უმრავლსეობა რესპუბლიკელებმა მოიპოვეს, სენატში კი უმრავლეოსბა დემოკრატებმა გაზარდეს.

გამარჯვების მიუხედავად, რესპუბლიკურ პარტიაში შიდაპარტიული უთანხმოება გრძელდება და მაკარტის მოწინააღმდეგე 20 კონგრესმენი პოზიციის შეცვლას არ აპირებს. რადიკალური ფრთის კონგრესმენებს მაკარტის მხარდაჭერისკენ დონალდ ტრამპმაც მოუწოდა.

აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით, კონგრესი ვერ დაიწყებს ფუნქციონირებას, სანამ ახალ სპიკერს არ აირჩევენ. წესების მიხედვით კენჭისყრა იქამდე გაგრძელდება, სანამ ახალ ლიდერს არ აირჩევენ.

მსგავსი სიახლეები