ხავიერ მილეი: ვინ არის არგენტინელი ამომრჩევლების ახალი ფავორიტი?

13 აგვისტოს არგენტინაში პრაიმერისი გაიმართა, სადაც ამომრჩევლების დიდმა ნაწილმა მხარი ხავიერ მილეის, ლიბერტარიანული იდეოლოგიის მიმდევარ კანდიდატს დაუჭირა, რომელიც ფავორიტად არ მოიაზრებოდა. 

ხმების 90%-ის დათვლის შემდეგ, ხავიერ მილეი პირველ ადგილს 30.5%-ით იკავებს, 28%-ით მეორე ადგილზეა მთავარი ოპოზიციური ბლოკი, ხოლო მესამე ადგილი პერონისტულმა სამთავრობო კოალიციამ დაიკავა, რომელმაც 27% აიღო. 

ექსპერტების მოსაზრებით, ეს შედეგი დიდწილად დაკავშირებულია არგენტინაში მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისთან, რადგანაც ინფლაციის მაჩვენებელი 116%-ს შეადგენს, ხოლო თითქმის ყოველი მეორე ადამიანი სიღარიბაში ცხოვრობს. 

ზრდასრული არგენტინელებისთვის პრაიმერისში მონაწილეობა სავალდებულოა. ეს შედეგები, 22 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ძირითადი ტენდენციების გამოკვეთის საშუალებას იძლევა. 

მოკლედ, ხავიერ მილეის შესახებ

"ჩვენ ნამდვილი ოპოზიცია ვართ,"-აღნიშნა ტრიუმფატორმა მილეიმ, რომლის თქმითაც, "განსხვავებული არგენტინა ვერ იარსებებს," თუკი ძველი პოლიტიკური ძალები არ დამარცხდებიან. 

52 წლის არგენტინელი პოლიტიკოსი, არაერთი დამკვირვებლისთვის პოპულისტად მიიჩნევა. მისი აზრით, კლიმატური ცვლილებები ტყუილია, ხოლო სექსუალური განათლება ტრადიციული ოჯახების დანგრევას ემსახურება. 

საგარეო ფრონტზე, იგი ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერია. 

ხავიერ მილეის ასევე მიაჩნია, რომ არგენტინის ცენტრალური ბანკი უნდა გაუქმდეს, ხოლო მოსახლეობას იარაღის ფლობა უნდა გაუმარტივდეს. 

პრაიმერის ჩატარებამდე პროგნოზირებდნენ, რომ მილეისთვის მიცემული ხმების რაოდენობა 15%-დან 20%-ის შუალედში იქნებოდა, თუმცა, საბოლოო შედეგმა ბევრი ადამიანი დატოვა გაკვრივებული. 

სამთავრობო და კონსერვატიული კოალიციის კანდიდატები

გარდა გენერალური პრაიმერისის შედეგისა, მხარდამჭერებმა სამთავრობო კოალიციისა და კონსერვატიული "ერთად ცვლილებებისთვის" ძალის საპრეზიდენტო კანდიდატებიც გამოავლინეს. 

მთავარ ოპოზიციურ გაერთიანებაში, პრეზიდენტობის კანდიდატის პოსტზე პატრისია ბულრიხმა გაიმარჯვა, რომლის მეტოქეც ბუენოს აირესის მერი, უფრო ზომიერად მიჩნეული ჰორასიო ლარეტა იყო. 

მტკიცე კონსერვატორად მიჩნეული გამარჯვებული კანდიდატი, წარსულში უსაფრთხოების მინისტრი იყო. 

რაც შეეხება სამთავრობო კოალიციას, აქ პრეზიდენტობის კანდიდატის სკამი სერხიო მასას, მოქმედ ეკონომიკის მინისტრს დარჩა. სავარაუდოდ, ოქტომბრის არჩევნებში, მისი მთავარი სამიზნე, ზომიერ აუდტორიად მიჩნეული ამომრჩევლები იქნებიან. 

საპრეზიდენტო არჩევნები არგენტინაში 22 ოქტომბერს გაიმართება, სადაც გავიგებთ, დარჩებიან თუ არ არგენტინელები ტრადიციული პარტიების მხარდამხარ, რომლის საპირისპიროდაც, დღეს, ხავიერ მილეიმ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. 

მასალა მომზადებულია ბიბისის, სიენენის, ლე მონდისა და ალ ჯაზირას წყაროებზე დაყრდნობით.

მსგავსი სიახლეები