კიევს დაუანონსებელი ვიზიტით სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ეწვია

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი დაუანონსებელი ვიზიტით კიევს ეწვია. იუნ სოკ იოლის კანცელარიის ცნობით, პრეზიდენტი და პირველი ლედი კიევში პოლონეთიდან ჩავიდნენ.

იუნ სოკ იოლი უკვე ეწვია რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების ადგილებს ბუჩასა და ირპენში. სამხრეთ კორეის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრამდე გვირგვნით შეამკობს უკრაინელ სამხედრო გმირთა მემორიალს. 

იუნ სოკ იოლი გასულ კვირას ვილნიუსში გამართულ ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის სამიტს დაესწრო. ვილნიუსის შემდეგ სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთში. 

ჯერჯერობით უცნობია როგორი იქნება კორეელი პრეზიდენტის ვიზიტის დღის წესრიგი და იქნება თუ არა საუბარი უკრაინის პირდაპირ სამხედრო დახმარებაზე. 

სამხრეთ კორეა სხვადასხვა ტიპის შეიარაღების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, განსაკუთრებით საარტილერიო ჭურვების. მიუხედავად ამისა, არსებული კანონმდებლობით კორეაში აკრძალულია შეიარაღების გაგზავნა ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის. 

ამ დრომდე სამხრეთ კორეაში წარმოებული ჭურვები უკრაინაში აშშ-ს გავლით ხვდებოდა. სხვადასხვა მონაცემებით ბოლო 6 თვის განმავლობაში აშშ-მ სამხრეთ კორეისგან ნახევარ მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი შეიძინა. 

უფრო მეტი სამხრეთ კორეულ შეიარაღებაზე წაიკითხეთ აქ. 

მსგავსი სიახლეები