რა ტიპის შეიარაღების გადაცემა შეუძლია სამხრეთ კორეას უკრაინისთვის

მაღალი ალბათობით სამხრეთ კორეა უახლოეს მომავალში შეცვლის პოზიციას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით და უკრაინისთვის შეიარაღების პირდაპირ გადაცემას დათანხმდება. 

სამხრეთ კორეის პირდაპირ მონაწილეობას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამსუბუქოს ის საკმაოდ მძიმე ვითარება, რომელშიც უკრაინის პარტნიორები აღმოჩნდნენ. 

ბოლო დრომდე სამხრეთ კორეა უარს ამბობდა უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების გადაცემაზე და მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლებოდა. 

ამავდროულად სამხრეთ კორეა ირიბად დათანხმდა მის მიერ წარმოებული შეიარაღების რეექსპორტს უკრაინაში, მათ შორის KRAB-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცების. 

კიდევ ერთ მაგალითს ცოტა ხნის წინ აშშ-სთან გაფორმებული შეთანხმება წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც სამხრეთ კორეამ აშშ-ს 155 მილიმეტრი კალიბრის 500 ათასს ჭურვსს გადასცემს. ეს უკრაინის სამხედრო დახმარების კონტექსტში ვაშინგტონს მეტ მოქნილობას მისცემს. 

გარდა ამისა ცნობილია, რომ 2022 წლის მიწურულს აშშ-მ კორეელი პარტნიორებისგან 100 ათასი იმავე კალიბრის ჭურვი შეისყიდა. 

სამხრეთ კორეული შეიარაღების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ევროპაში პოლონეთია - საუბარია K-2 ტიპის ტანკებსა და K-9 ტიპის ჯავშანმანქანებზე. მიუხედავად იმისა, რომ ესეც ვერ ჩაითვლება უკრაინისთვის პირდაპირ სამხედრო დახმარებად, უნდა ითქვას, რომ ეს საშუალებას აძლევს პოლონეთს გადასცეს უკრაინას თავის განკარგულებაში არსებული T-72 ტიპის ტანკები. 

უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით სამხრეთ კორეის პოზიციის ცვლილებაზე საუბრები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 25 აპრილს Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა პირველად არ გამორიცხა შეიარაღების პირდაპირ გადაცემა. 

უკვე აპრილის მიწურულს აშშ-ში ვიზიტი მყოფმა იოლმა განაცხადა, რომ ქვეყანა განიხილავდა უკრაინის დახმარების ყველა ვარიანტს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის თქმით, მათი ვალია, რომ რუსეთის აგრესია უკრაინაში წარმატებით არ დასრულდეს. 

უკვე პირველ მაისს სამხრეთ კორეული საინფორმაციო სააგენტო Yonhap იტყობინებოდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი მოადგილე მომდევნო დღეებში რუსეთს ეწვევა. სავარაუდოა, რომ ჩან ხო ჩჟინის მთავარი მიზანი იქნება აუხსნას კრემლს სამხრეთ კორეის პოზიციის ცვლილება უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. 

ჯერჯერობით რთული სათქმელია შეიცვლის თუ არა პოზიციას სამხრეთ კორეა და თუ შეიცვლის რამდენად რადიკალური იქნება ეს ცვლილება, მაგრამ ასეთ შეთმხვევაში სამხრეთ კორეას უკრაინის დასახმარებლად ნამდვილად ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. 

რა ტიპის შეიარაღების გადაცემა შეუძლია სამხრეთ კორეას უკრაინისთვის

პირველ რიგში რა თქმა უნდა, საუბარია სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალაზე - სამხრეთ კორეული კორპორაცია Poongsan მსოფლიოში საბრძოლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. მათ შორის, როგორც საარტილერიო, ასევე, ჰაუბიცებისა და სატანკო ჭურვების წარმოებაზე. აღსანიშნავია, რომ წარმოების ტექნოლოგიური ციკლი სრულად ლოკალიზებულია კორეის ტერიტორიაზე.  

გარდა ამისა სამხრეთ კორეა სხვადასხვა ტიპის ჯავშანტექნიკის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია - კორეული K-2 ტიპის ტანკები, ეფექტურ საბრძოლო ტანკად მიიჩნევა და მთელ მსოფლიოში საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს. 

სამხრეთ კორეაში განვითარებულია ელექტრონიკის მრეწველობა და ბოლო წლებში აქტიურად ვითარდება ავიაციის ინდუსტრია. 

გარდა ამისა, სამხრეთ კორეის სამხედრო საწყობებში 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ინახება T-80 ტიპის 40-ზე მეტი ტანკი, БМП-3 ტიპის რამდენიმე ათეული ჯავშანმანქანა. საინტერესოა, რომ ეს ჯავშანტექნიკა სამხრეთ კორეამ რუსეთისგან სსრკ-ს ვალის ანაზღაურების სახით მიიღო. 

აღნიშნული ჯავშანტექნიკა საინტერესოა იმითაც, რომ საბჭოთა წარმომავლობის გამო უკრაინელ მებრძოლებს წვრთნის გავლა არ დაჭირდებათ და დროის მოკლე მონაკვეთში შეძლებენ მათ ათვისებას. 

ჩრდილოეთ კორეასთან მუდმივი დაძაბულობის რეჟიმში მყოფი სამხრეთ კორეა იძულებულია გამართული სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი ჰქონდეს. ეს გამოარჩევს სამხრეთ კორეას რიგი ევროპული სახელმწიფოებისგან, რომლებიც არ აღმოჩნდნენ მზად მასშტაბური სამხედრო კონფლიქტისთვის საკუთარ კონტინენტზე. 

აქედან გამომდინარე სამხრეთ კორეისნაირი პარტნიორის ჩართვა უკრაინის პირდაპირი დახმარების კონტექსტში ძალიან მომგებიანი იქნება, როგორც უკრაინისთვის, ასევე, დასავლეთისთვისაც. 

 

მსგავსი სიახლეები