სამხრეთ კორეის წარმომადგენელი რუსეთში ჩადის, მთავარი თემა უკრაინა იქნება
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი მოადგილე მომდევნო დღეებში რუსეთს ეწვევა. სავარაუდოა, რომ ჩან ხო ჩჟინის მთავარი მიზანი იქნება აუხსნას კრემლს სამხრეთ კორეის პოზიციის ცვლილება უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.
ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთ კორეული საინფორმაციო სააგენტო Yonhap ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მინისტრის მოადგილე რუსეთს 2-დღიანი ვიზიტით ეწვევა. საყურადღებოა, რომ ჩან ხო ჩჟინი 2022 წლის ზაფხულამდე რუსეთში სამხრეთ კორეის ელჩის პოსტს იკავებდა.
Yonhap-ის წყაროს ცნობით, ყოფილ კოლეგებთან გამომშვიდობების გარდა, დღის წესრიგში იქნება უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებისა და სეულისა და მოსკოვის ურთიერთობების ცვლილება.
"ეს ვიზიტი დაორგანიზდა იმ ფონზე, როდესაც სანქციების დაწესების გამო რუსეთმა სამხრეთ კორეა მტრული სახელმწიფოების სიაში შეიყვანა. უმჯობესია დავრწმუნდეთ, რომ გამოვიჩინეთ საკმარისი ზრდილობა და ოფიციალურად დავემშვიდობეთ",- ამბობს სააგენტოს საუბარში სამხრეთ კორეის მთავრობის მაღალჩინოსანი.
კონტექსტი
გასულ კვირას აშშ-ში ვიზიტით მყოფმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინის დახმარების სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავდა.
25 აპრილს Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში იუნ სოკ იოლმა პირველად არ გამორიცხა უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ამ დრომდე კორეა უკრაინას სხვადასხვა სახის ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდა, სეული უკრაინას ამარაგებს ჯავშანჟილეტებით და ჩაფხუტებით, თუმცა ამ დრომდე უარს ამბობს ლეტალური შეიარაღების მიწოდებაზე.
სამხრეთ კორეა ცნობილია როგორც საარტილერიო ჭურვების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი. სწორედ საარტილერიო ჭურვების სერიოზულ დანაკლის განიცდის უკრაინა, პარტნიორების მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად სეული ამ დრომდე გაურბოდა ამ ნაბიჯს. სეული არ სურდა დაძაბულობა რუსეთთან სადაც უმსხვილესი კორეული კორპორაციები ფლობენ მსხვილ აქტივებს.
სამხრეთ კორეაში ფიქრობენ, რომ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შემდეგ მოსკოვი კიდევ უფრო გააღრმავებს სამხედრო თანამშრომლობას ჩრდილოეთ კორეასთან.
გასული წლის შემოდგომაზე Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ სეული დათანხმდა 100 ათასი საარტილერიო ჭურვის მიყიდვას აშშ-სთვის, რომელიც მოგვიანებით უკრაინის განკარგულებაში აღმოჩნდა.
რამდენიმე დღის წინ კორეული გაზეთი DongA Ilbo საკუთარ წყაროებზე წერდა, რომ სეულსა და ვაშინგტონს შორის კიდევ ერთი შეთანხმება შედგა, ამჯერად 500 ათასს ჭურვზე. წყაროების ცნობით ეს აშშ-ს მისცემს უფრო მეტ მოქნილობას უკრაინის სამხედრო დახმარების კონტექსტში.
გარდა ამისა, მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სეული დათანხმდა მესამე ქვეყნების მიერ კორეულ შასიზე დაფუძნებული KRAB-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცების გადაცემას. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სეულმა ოფიციალურად დაადასტურა კორეული მაკოპლექტებლებისგან შემდგარი შეიარაღების უკრაინისთვის გადაცემა.