კიმი: ნიკოლაევის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სძულს რუსები
რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ნიკოლაევის რეგულარული დაბომბვის შემდეგ, ქალაქის მცხოვრებთა უმეტესობას რუსები სძულს. ამის შესახებ РБК-Украина-სთან ინტერვიუში 3 სექტემბერს ნიკოლაევის სამხედრო-რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა განაცხადა.
"რაც შეეხება ქალაქის მაცხოვრებლებს, მე ვფიქრობ, რომ ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას ახლა სძულს რუსები იმის გამო, რისი გადატანაც ნიკოლაევის ყველა მცხოვრებს მოუწია. ექვსი თვე დაბომბვების ქვეშ, შეუძლებელია მშვიდად ცხოვრება. კიევში ვიყავი, დავინახე როგორ ცხოვრობენ ადამიანები, როცა მეტ-ნაკლებად მშვიდად არიან. მაგრამ ჩვენ გვაქვს ფრონტისპირა ქალაქი, ხალხი ყოველდღე სტრესის ქვეშ იმყოფება, თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ჩვენ აქ არავის გვიყვარს რუსები", - თქვა კიმმა.
მისი თქმით, ხერსონის მიმართულებით რუსი დამპყრობლების მოტივაცია ეცემა.
"ოკუპანტებს შორის განწყობა ასეთია: "ყველაფერი დაკარგულია, ჩვენ მიგვატოვეს." არავის უნდა სიკვდილი, ყველას უნდა გაქცევა, მაგრამ მათ აჩერებს ბრძანება ან რაღაც მსგავსი. შესაბამისად, მათი განწყობა შეესაბამება ოპერატიულს, იმ სიტუაციას, რაც ახლა ფრონტზეა. ბუჩას შემდეგ, ირპენის შემდეგ, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მათ გააკეთეს, რა თქმა უნდა, ეშინიათ, რომ მათ მოუწევთ პასუხისგება თავიანთი ქმედებებისთვის", - აღნიშნა კიმმა.