კლიჩკო: ომის დაწყების შემდეგ, რუსებმა 30 უკრაინელი მერი გაიტაცეს
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან, ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქების 30 მერი გაიტაცეს. ამის შესახებ უკრაინის ქალაქების ასოციაციის ხელმძღვანელმა, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ Der Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.
"მერები ყველგან იყვნენ სამიზნეები. რუსები ცდილობდნენ მერების დაპატიმრებას და სხვადასხვა მეთოდების გამოყენებას მათ გადასაბირებლად. 30-ზე მეტი მერი გაიტაცეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც დარჩნენ თავიანთ ქალაქებში. შვიდი მათგანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება", - თქვა მან.
კიევის მერის თქმით, ხელისუფლებამ ადგილობრივ მოხელეებს მკაფიო პასუხი არ გასცა, დატოვონ თუ არა ქალაქი პოტენციური ოკუპაციის შემთხვევაში.
"სიტუაცია რთული იყო: თუ დარჩები შენს თემთან, მოღალატე ხარ... ჩვენ ხელისუფლებას რამდენჯერმე ვთხოვეთ მითითება: დარჩენა თუ ევაკუაცია? მაგრამ მკაფიო პასუხი არ მიგვიღია", - დასძინა კლიჩკომ.