კოფმანი: 2025 წელს უკრაინა აშშ-ზე ბევრად ნაკლებადაა დამოკიდებული, ვიდრე ომის ადრეულ ეტაპებზე

კარნეგის ფონდის უფროსი მკვლევარი და საზღვაო ანალიზის ცენტრის (CNA) რუსეთის პროგრამის დირექტორი, მაიკლ კოფმანი სოციალურ ქსელ X-ზე პოსტს აქვეყნებს, სადაც, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესაძლო "დაპაუზებაზე" საუბრობს.
გთავაზობთ გამოქვეყნებული ტექსტის თარგმანს:
"უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების შეჩერება ძალიან სამწუხარო და მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა ამან, შესაძლოა, მყისიერი გავლენა არ იქონიოს. 2025 წელს უკრაინა აშშ-ზე, ბრძოლის ველზე ყოველდღიური საჭიროებების უზრუნველსაყოფად, ბევრად ნაკლებად არის დამოკიდებული, ვიდრე ომის ადრეულ ეტაპებზე.
უკრაინის თავდაცვითი ოპერაციების ამჟამინდელი მიდგომა მოიცავს ნაღმებს, დამრტყმელ დრონებსა და ტრადიციულ საარტილერიო ცეცხლს, რომელთა მიზანია რუსული შენაერთების შესუსტება და განადგურება 0-30 კმ-ის დიაპაზონში. დანაკარგების უმეტესობა, სწორედ, ნაღმებსა და დრონებზე მოდის, რომლებსაც უკრაინა თავად აწარმოებს.
ტრადიციული საარტილერიო ცეცხლი, ამ ეტაპზე, ნაკლებად აქტუალურია, და მხარეებს შორის შედარებითი ბალანსი არსებობს. ამას დამატებული, აშშ-ის მიერ ბოლო პერიოდში მიწოდებული დიდი რაოდენობის საბრძოლი მასალებით უკრაინამ მარაგები შექმნა. ყოველივე ეს კი, ევროპელებს საშუალებას აძლევთ, წლის ბოლომდე მარტივად უზრუნველყონ უკრაინის მხარდაჭერა.
მიუხედავად ამისა, უკრაინა, სავარაუდოდ, არსებული გაურკვევლობის ფონზე, ცეცხლის ინტენსივობის რეგულირებას მაინც დაიწყებს და, შესაბამისად, რუსეთს საარტილერიო ცეცხლში გარკვეულ უპირატესობას მისცემს, მაგრამ ეს გადამწყვეტი ფაქტორი აღარ იქნება, რადგან დანაკარგების 50%-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის დრონებზე მოდის.
საკითხი უფრო პრობლემური ხდება, როდესაც საქმე ეხება შორ მანძილზე მოქმედი ზუსტ დამიზნების საშუალებებს (30+ კმ); სისტემები, როგორიცაა GMLRS [რედ: Himars/M270 Mlrs-ის ტიპის სარაკეტო სისტემებისთვის განკუთვნილი 84-91 კმ-ზე მფრენი რაკეტები] კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და, ასევე, საზენიტო და ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილ რაკეტები. ამ ფაქტორის გავლენა დროთა განმავლობაში უფრო საგრძნობი გახდება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ტექნიკური მომსახურება, სათადარიგო ნაწილები და ტექნიკური მხარდაჭერაა. დახმარების შეჩერება დროთა განმავლობაში შეამცირებს ოპერაციულ მზადყოფნას. ასევე, გაურკვეველია, მოიცავს თუ არა ყოველივე ეს სადაზვერვო მხარდაჭერის, წვრთნებისა და სხვა არაპირდაპირი დახმარებების შეჩერებასაც.
ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლო უკრაინამ საბრძოლო მასალებისა და სათადარიგო ნაწილების მარაგების დაგროვება და რომელ ნაწილში შეძლებენ ევროპელები მათ კომპენსირებას, თუმცა, ზოგი მიმართულებით მათ თავად აქვთ მცირე მარაგები, და სხვა შემთხვევებში აშშ-ს შეუძლია დაბლოკოს ნებისმიერი გადაცემა. ამ შეზღუდვების შედეგები, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში უფრო გამოჩნდება.
საბოლოოდ, თუ საუბარია საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის მიწოდების შეჩერებაზე, მაშინ ამის გავლენა მხოლოდ კონკრეტულ შესაძლებლობაზე ექნება, მაგრამ თუ შეჩერდა აშშ-ის ყველა ფორმის მხარდაჭერა, მაშინ სისტემური ზემოქმედებისა და შემდგომი ჯაჭვური ეფექტების შეფასება გაცილებით რთული იქნება".