შეზღუდვების შემდეგ ჩინეთიდან რუსეთში დრონების ექსპორტი შეწყდა - Коммерсант

ჩინეთის მიერ შესაძლო სამხედრო გამოყენების პროდუქციის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების შედეგად რუსეთში დრონების იმპორტის კუთხით სირთულეები შეიქმნა. 

ინფორმაციას ამის შესახებ Коммерсант ავრცელებს

გამოცემის ინფორმაციით, შეზღუდვების შედეგად რუსეთში მაკომპლექტებლების დეფიციტი წარმოიქმნა, საუბარი მათ შორის თერმოკამერებზე. დრონების მწარმოებელი რუსული კომპანიების თქმით, მათ მაკომპლექტებლების დიდი მარაგი შექმნეს და იმედი აქვთ, რომ ჩინელი მომწოდებლები შეძლებენ საექსპორტო ლიცენზიის მოპოვებას, თუმცა მათივე თქმით, პროცესს შესაძლოა 1 წელი დასჭირდეს. 

საექსპორტო ლიცენზიის მისაღებად მიმწოდებელმა უნდა დაამტკიცოს, რომ პროდუქცია არ იქნება გამოყენებული სამხედრო დანიშნულებით. 

წყაროების ცნობით, ჩინური დრონების გამყიდველები პარალელური იმპორტის სქემის აწყობას ცდილობენ, თუმცა ეს პროცესი სატრანზიტო ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო ჭიანურდება. 

რუსული კომპანიების ცნობით, გასულ დღეებში ყაზახეთმა პოტენციურად სამხედრო გამოყენების პროდუქციის შეტანის წესები გაართულა. 

გაზეთის ცნობით, ამ დროისთვის სრულად შეწყდა 4 კილოგრამზე დიდი მასის დრონებისა და უფრო დიდი აგრარული დანიშნულების დრონების ექსპორტი, რამაც ბაზარზე მაკომპლექტებლების დეფიციტი შექმნა. 

კონტექსტი 

ჩინეთმა დრონების ექსპორტის გამკაცრების შესახებ 31 ივლისს გამოაცხადა

გავრცელებული ცნობებით, გასული 1 წლის განმავლობაში რუსეთმა ჩინეთისგან დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების დრონები შეიძინა. საყურადღებოა, რომ ჩინური წარმოების დრონებს აქტიურად იყენებენ უკრაინელი სამხედროებიც, თუმცა იმპორტირებული დრონების ღირებულება ჯერადად ნაკლებია. 

ჩინეთი მსოფლიოში დრონების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. მათ შორისაა კომპანია DJI, რომელმაც 2022 წლის გაზაფხულზე ოფიციალურად დატოვა რუსეთის ბაზარი - მიზეზად მაშინაც დრონების შესაძლო სამხედრო საქმეში გამოყენება დასახელდა. 

ახალი წესების მიხედვით, იკრძალება შორი რადიუსის და იმ აპარატების ექსპორტი, რომელთაც ჰაერში ყოფნა 30 წუთზე დიდი ხნის განმავლობაში შეუძლიათ და ატარებენ 7 კილოგრამზე უფრო მძიმე ტვირთს. 

ჩინეთის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ამერიკის შეერთებული შტაბების ადმინსიტრაციის მრავალგზის გაფრთხილება ეკონომიკური სანქციებით იმ შემთხვევაში თუ ჩინეთი რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემას გადაწყვეტდა. 

 

მსგავსი სიახლეები