კომპანია, რომლისგანაც "ჰეზბოლამ" პეიჯერები შეიძინა, ისრაელის დაზვერვამ შექმნა

ლიბანური რადიკალური შიიტური მოძრაობის, ჰეზბოლას წევრების პეიჯერებისა და რაციების აფეთქების უკან ისრაელი დგას. ამის შესახებ The New York Times 18 სექტემბერს, ისრაელის თავდაცვის სამინისტროსა და დაზვერვის 12 ამჟამინდელ და ყოფილ თანამშრომელზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყაროები ირწმუნებიან, რომ ჰეზბოლას ასაფეთქებელი ნივთიერებებით პეიჯერები უნგრეთში მდებარე კომპანიამ დაამზადა, რომელიც ისრაელის სპეცსამსახურების მონაწილეობით სპეციალურად ამ ოპერაციისთვის შეიქმნა.

როგორც პუბლიკაციიდან ირკვევა, ისრაელმა ისარგებლა იმით, რომ ჰეზბოლას ლიდერმა ჰასან ნასრალამ, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების სფეროში ისრაელის შესაძლებლობების შიშით, ტერორისტებს მოუწოდა შეეწყვიტათ სმარტფონების გამოყენება და აეკრძალათ მათი გამოყენება ოჯახის წევრებისთვის.

ამის ნაცვლად, ნასრალა წლების განმავლობაში ლობირებდა პეიჯერების საშუალებით კომუნიკაციის იდეას, რომლებსაც აქვთ შეზღუდული ტექნოლოგიური შესაძლებლობები, მაგრამ არ არის საშიში გეოლოკაციის მონაცემების ან სხვა მგრძნობიარე ინფორმაციის გაჟონვის თვალსაზრისით.

"სწორედ ამაში ნახეს ისრაელის დაზვერვის ოფიცრებმა თავიანთი შანსი," - ხაზს უსვამს გამოცემა.

პეიჯერის მწარმოებელი კომპანია

NYT-ის ცნობით, მანამდეც კი, სანამ ნასრალა პეიჯერების გამოყენების გაფართოებას გადაწყვეტდა, ისრაელმა დაიწყო გეგმის განხორციელება, რათა შეექმნათ ცრუ კომპანია, რომელიც პეიჯერების საერთაშორისო მწარმოებლის იმიჯს შეიქმნიდა.

"როგორც ჩანს, B.A.C Consulting იყო უნგრული კომპანია, რომელსაც ჰქონდა ამ მოწყობილობების წარმოების კონტრაქტი ტაივანური კომპანია Gold Apollo-ს სახელით. სინამდვილეში, დაზვერვის სამი ჩინოვნიკის თქმით, რომლებიც ინფორმირებული არიან ოპერაციის შესახებ, ეს იყო ისრაელის გეგმის ნაწილი. მათი თქმით, სულ მცირე ორი სხვა ასეთი კომპანია შეიქმნა იმ ადამიანების ნამდვილი ვინაობის დასამალად, ვინც პეიჯერები შექმნეს: ისრაელის დაზვერვის ოფიცრები." - წერს გამოცემა

კომპანია B.A.C.-ს ასევე ჩვეულებრივი კლიენტებიც ჰყავდა, ვისთვისაც "ჩვეულებრივ" პეიჯერებს აწარმოებდა. მაგრამ ერთადერთი ნამდვილად მნიშვნელოვანი მომხმარებელი ჰეზბოლა იყო. დაზვერვის სამი ოფიცრის თქმით, რომლებიც NYT-ს ესაუბრნენ, ჰეზბოლას პეიჯერები ცალკე იყო წარმოებული და შეიცავდა PETN-ის ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე ბატარეებს.

ლიბანში მცირე რაოდენობით პეიჯერები 2022 წლის ზაფხულში ჩავიდა, მაგრამ წარმოება სწრაფად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ნასრალამ ორგანიზაციას მოუწოდა მობილურ ტელეფონებზე უარი ეთქვა.

ზაფხულის განმავლობაში ლიბანში პეიჯერების მიწოდება გაიზარდა - ათასობით მათგანი ქვეყანაში ჩავიდა და განაწილდა ჰეზბოლას ოფიცრებსა და მათ მებრძოლებს შორის.

კონტექსტი

17 სექტემბერს, ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლას ათასობით პეიჯერი აფეთქდა, მეორე დღეს კი ორგანიზაციის წევრების რაციების დეტონაცია მოხდა.

ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა ფირას აბიადმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ჰეზბოლას პეიჯერების და რაციების აფეთქებების შედეგად 37 ადამიანი მოკვდა და 2931 - დაიჭრა.

აფეთქებები მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე საათით ადრე ისრაელმა ჰეზბოლას თავდასხმების შეჩერება ომის ერთ-ერთ მთავარ მიზნად დაასახელა და განაცხადა, რომ მან ჩაშალა ირანის მარიონეტული დაჯგუფების მიერ ყოფილი მაღალჩინოსნის მკვლელობის მცდელობა.

დაშავებულებს შორის იყო ირანის ელჩი ლიბანში, მოჯთაბა ამანი, ირანული მედიის ცნობით, მას დაზიანებები "ხელსა და სახეზე" აქვს მიყენებული. New York Times-ის ცნობით, მან ერთი თვალი დაკარგა, მეორე კი მძიმედ დაზიანდა.

გამოცემის ცნობით, პეიჯერებზე აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე შეტყობინებები მივიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებმა ისინი სახესთან მიიტანეს.

ტელეკომპანია Al-Hadath წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლას დაახლოებით 500-მა წევრმა დაკარგა მხედველობა.

მსგავსი სიახლეები