კონსერვატორი ულფ კრისტერსონი შვედეთის პრემიერ-მინისტრი გახდა
შვედეთის პარლამენტმა, ულფ კრისტერსონი პრემიერ-მინისტრად მინიმალური უმრავლესობით აირჩია, რომელიც მემარჯვენე-ცენტრისტული "ზომიერების" პარტიის ლიდერია.
17 ოქტომბერს, 58 წლის კრისტერსონის კანდიდატურას, მხარი 176-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 173 პარლამენტარი იყო.
შვედეთში უმცირესობის მთავრობა შეიქმნა, რომელსაც კოალიციის გარედან, მხარს ულტრამემარჯვენე პოპულისტური პარტია "შვედი დემოკრატები" უჭერენ.
მანამდე ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ კონსერვატიული ბანაკის სამი პარტიისგან შემდეგარ კოალიციას შექმნიდა - ზომიერები, ქრისტიან-დემოკრატები და ლიბერალები.
შვედეთის სამეფოს ისტორიაში პირველად, ხელისუფლება, ულტრამემარჯვენე "შვედი დემოკრატების" მხარდაჭერით ისარგებლებს და მათთან პარლამენტში ითანამშრომლებს.
სექტემბერში არჩევნებში მემარჯვენე ბლოკმა გაიმარჯვა
სექტემბერში, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში, მემარჯვენე ბლოკმა, მცირე უპირატესობით გაიმარჯვა და სოციალ-დემოკრატების ლიდერის, მაგდალენა ანდერსონის მეთაურობით მოქმედი სამთავრობო კოალიცია შეცვალა.
რიკსდაგის არჩევნებში ყველაზე დიდ წარმატებას ულტრამემარჯვენე "შვედმა დემოკრატებმა" მიაღწიეს, რომლებმაც ხმების 20% მოიპოვეს და არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდნენ, რაც აქამდე არ მომხდარა.
სხვა მემარჯვენე პარტიებმა, უარი თქვეს "შვედ დემოკრატებთან" კოალიციაში შესვლაზე, რომელსაც ჯიმი აკესონი ხელმძღვანელობს, ხოლო ლიბერალებმა წინაპირობა დააყენეს, რომ კრისტერსონის კანდიდატურას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერდნენ, თუ ახალ მთავრობაში ულტრამემარჯვენეები არ იქნებოდნენ.
შედეგად, ულტრამემარჯვენე"შვედი დემოკრატები" სამთავრობო კოალიციასთან შეთანხმდნენ, რომ მხარი დაუჭირონ უმცირესობის მთავრობას და კოალიციის წევრები არ იყვნენ, როგორც ამას ლიბერალები ითხოვდნენ.
კოალიციის წევრი პარტიები თანამშრომლობის 62-გვერდიან გეგმაზე შეთანხმდნენ, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და იმიგრაციისა და სოციალური გადასახადების შეზღუდვას, ასევე პოლიციის გაძლიერებას, გადასახადების შემცირებას და ახალი ატომური ელექტროსადგურების აშენებას.
დოკუმენტის პუნქტები, რომელიც იმიგრაციასა და სასამართლო სისტემას ეხება, ძირითადად, ულტრამემაჯრვენეების სასარგებლოდ გაკეთებული დათმობის შედეგია.