კრემლი ცდილობს ხანგოშვილის მკვლელი დატყვევებულ ამერიკელებში გაცვალოს

კრემლი ცდილობს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი, გერმანიაში დაპატიმრებული, ვადიმ კრასიკოვი რუსეთში დატყვევებულ ამერიკელ მოქალაქეებში გაცვალოს. მათ შორისაა Wall Street journal-ის რეპორტიორი, ევან გერშკოვიჩი. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Wall Street Journal ავრცელებს

გაზეთის ცნობით, კრასიკოვისთვის სასჯელის გამოტანამდე ცოტა ხნით ადრე, ვლადიმირ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს მდივანს, ნიკოლაი პატრუშევს დაავალა შეესწავლა რუსეთში დაპატიმრებული ამერიკის მოქალაქეებში კრასიკოვის გაცვლის შესაძლებლობა. 

წყაროების ცნობით, კრასიკოვი დასავლეთსა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლის ცენტრალური ფიგურაა, რომელსაც რუსეთი ყველა მოლაპარაკებაზე ახსენებს. წყაროები ამბობენ, რომ შესაძლოა კრასიკოვი რუსეთში დაპატიმრებულ 2 ამერიკელ მოქალაქეში გაცვალონ. ერთ-ერთი მათგანი მიმდინარე წლის 29 მარტს ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩია, ხოლო მეორე პოლ უილანი ამერიკის საზღვაო ქვეითების ვეტერანი, რომელიც რამდენიმე წელია, ასევე შპიონაჟის ბრალდებითაა დაპატიმრებული. 

გაზეთთან საუბარში ევროპული და ამერიკული წყაროები ამბობენ, რომ შესაძლოა საუბარი იყოს მრავალმხრივ გაცვლაზე, მათ შორის ევროპის ქვეყნებში დაპატიმრებულ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტებისა და რუსეთში დაპატიმრებული ოპოზიციონერების, მათ შორის ალექსეი ნავალნის გაცვლაზეც. 

კონტექსტი 

ვადიმ კრასიკოვი 2019 წელს ცენტრალურ ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს. სასამართლომ კრასიკოვს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. გერმანიის სამართალდამცავი უწყებების ცნობით, კრასიკოვი რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი იყო, ხოლო ზელიმხანის მკვლელობა სახელმწიფოს დონეზე მომზადდა. 

ხანგოშვილი მონაწილეობდა ჩეჩნეთის მეორე ომში, ის რუსეთის მიერ ინტერპოლისთვის გადაცემულ ძებნილთა სიაში იყო. ადრეული 2000-იანი წლებიდან ხანგოშვილი საქართველოში, კერძოდ პანკისის ხეობაში ცხოვრობდა. 2016 წელს თბილისში თავს ხანგოშვილს თავს დაესხა შეიარაღებული პირი, ხანგოშვილი მძიმედ დაიჭრა. 

საქართველოს სახელმწიფომ უარი უთხრა ხანგოშვილს დაცვის გამოყოფაზე, რის შემდეგაც ის ჯერ უკრაინაში, ხოლო შემდეგ გერმანიაში ოჯახთან ერთად გაემგზავრა. ხანგოშვილი გერმანიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. 

არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ხანგოშვილი წლების განმავლობაში საქართველოს სპეცსამსახურებთან ახლოს თანამშრომლობდა. 

მსგავსი სიახლეები