კრემლმა პუტინთან ერთად 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ პუტინს ოფიციალურად ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, მისმა ადმინისტრაციამ არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო, იმ დაშვებით, რომ პუტინი პროცესში მონაწილეობას მიიღებს. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი Коммерсантъ ავრცელებს

წყაროების ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები გრაფიკის დაცვით და "არსებულ სპეციფიკურ გარემოებებში" ჩატარდებაა, ხოლო ვლადიმირ პუტინი ახალ საპრეზიდენტო ვადაზე წავა. 

მათი მტკიცებით, ჯერ მხოლოდ წინასწარი სამუშაოები და კონსულტაციები მიმდინარეობს, არ არის გამოკვეთილი იდეოლოგიური შემადგენელი, თუ რის ირგვლივ წარიმართება პუტინის კამპანია, თუმცა სავარაუდოა, რომ ეს ეროვნული ერთობის თემა იქნება. 

პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჩინოვნიკები განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან 2023 წლის რეგიონალურ არჩევნებს და შესაბამისი დასკვნების გამოტანას შეეცდებიან - მიმდინარე წლის სექტემბერში რუსეთის 20 რეგიონში გუბერნატორებსა და ადგილობრივ საკრებულოებს აირჩევენ. 

კონტექსტი

მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 2024 წლის 17 მარტს უნდა გაიმართოს - არჩევნების თარიღს ოფიციალურად ამტკიცებს ფედერაციის საბჭო 2023 წლის დეკემბერში, რის შემდეგაც საპრეზიდენტო კამპანია ოფიციალურად გაიხნება. 

წინა საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 2018 წლის 18 მარტს ჩატარდა, ხოლო მასში მონაწილეობის შესახებ პუტინმა 2017 წლის 6 დეკემბერს გამოაცხადა. 

2020 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, ვლადიმირ პუტინს შეუძლია კიდევ ორჯერ იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე და აღნიშნული თანამდებობა 2036 ეკავოს.

 

მსგავსი სიახლეები